ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღების ბრალდებით შპს „ბატონოს“ ხელმძღვანელი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანახმად, კომპანია მოხმარებისთვის უვარგის პროდუქციას ამზადებდა. აღნიშნულ შპს-ს და გორის საკონსერვო ქარხანა „კულას“ ერთი დირექტორი, ივანე გოგლიძე ჰყავთ, კომპანიების 100%-იანი წილი კი ლეილა ლონდარიძეს ეკუთვნის.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა 2025 წელს, სახელმწიფო ტენდერის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, 380 792 ლარის ღირებულების 24 177.3 კილოგრამი თევზის კონსერვი მიაწოდა სასაზღვრო პოლიციასა და შპს „სახელმწიფო კვებით უზრუნველყოფას“. პროდუქცია საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების თანამშრომელთა კვებისთვის იყო განკუთვნილი.
საგამოძიებო სამსახურმა საწარმოს ჩხრეკისას 17 241 ერთეული ფალსიფიცირებული თევზის კონსერვი ამოიღო. როგორც უწყებაში განაცხადეს, პროდუქციის დამზადებისა და ნედლეულის შენახვის პირობები კრიტიკულად არ შეესაბამებოდა სურსათის უსაფრთხოების მოთხოვნებს.
„ამოღებულ პროდუქტებზე ჩატარებული ქიმიური და მიკრობიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, კონსერვი არ აკმაყოფილებს მიკრობიოლოგიურ სტანდარტებს და უვარგისია მოხმარებისთვის.
რიგ შემთხვევებში ექსპერტიზის ჩატარება ვერ მოხერხდა, რადგან პროდუქცია მაღალი ტოქსიკურობის გამო საფრთხეს უქმნიდა თავად ექსპერტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
გარდა ამისა, დადგინდა, რომ კონსერვის შიგთავსი, თევზის ხორცის მასური წილითა და ენერგეტიკული ღირებულებით, არ შეესაბამება ეტიკეტზე მითითებულ მონაცემებს“, - განაცხადეს საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ფალსიფიცირებული პროდუქციის დამზადება-გასაღებას გულისხმობს და 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
