„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აცხადებს, რომ ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა და მის მიერ პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობა ქვეყნის კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის აშკარა და უხეში დარღვევაა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 2 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 3 სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა კითხვები მზია ამაღლობელის საქმეზე
- 4 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 5 „სამედიცინო დახმარება თუ გინდა, სხვა ქვეყნებიც არის“ - კობახიძე უვიზოს შესაძლო შეჩერებაზე
- 6 „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ლუკა კურტანიძე ყოფილ ცოლზე ძალადობის შემდეგ დააკავეს
არასამთავრობო ორგანიზაცია ჩამოთვლის იმ სამართლებრივ და ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც მიიჩნევს, რომ პარლამენტის 25 ნოემბრის სხდომა უკანონოა:
- საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტის პირველი სხდომა არ მოუწვევია.
- საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებულია არჩევნების კონსტიტუციურობა და შესაბამისად 150 წევრის არჩევის კანონიერება.
- პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა ორი მესამედის (100 წევრის) უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის თაობაზე პარლამენტის დადგენილებაში არ შეიტანება იმ პირის გვარი, რომლის პარლამენტის წევრად არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ არჩევნებზეც ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ 26 ოქტომბერს კენჭისყრა მოქალაქეთა დაშინების, იძულების, ტოტალური კონტროლისა და ხმის ფარულობის მასობრივი დარღვევის ფონზე მიმდინარეობდა.
„არჩევნების შედეგი არ ცნო საერთაშორისო საზოგადოებამ. ევროკომისიამ განაცხადა, რომ საქართველოში სპეციალურ მისიას გამოაგზავნის, რომელიც საარჩევნო დარღვევებს შეისწავლის. საკონსტიტუციო სასამართლოში ორი სარჩელია წარდგენილი არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით. საქართველოს პრეზიდენტმა და პარლამენტის 30-მა წევრმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს არჩევნების ფარულობის დარღვევისა და საყოველთაო, თავისუფალი არჩევნების უფლების დარღვევის გამო“, - ნათქვამია განცხადებაში.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აღნიშნულ განცხადებას „კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაცია“ უწოდა. მისი თქმით, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიზანი „საზოგადოებაში დაბნეულობის შეტანა და რადიკალიზმის გაღვივებაა“.
მოსაზრებას, რომ პარლამენტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების ცნობა კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, იზიარება არაერთი კონსტიტუციონალისტი.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) პარლამენტს მოუწოდებს, „დაემორჩილოს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნას, შეწყვიტოს სხდომა და არ ცნოს ახალი პარლამენტის უფლებამოსილება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პრეზიდენტის სარჩელზე გადაწყვეტილების გამოტანამდე“.
დღეს, 25 ნოემბერს, „ქართული ოცნება“ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას მართავს. უმრავლესობის დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოს შენობაში საპროტესტო აქციის ფონზე და პოლიციის კორდონის დახმარებით შედიან.
