სააპელაციო სასამართლომ მათე დევიძის საქმეზე განაჩენი ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც 21 წლის მათე დევიძეს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა დევიძისთვის სასჯელის დამძიმების თაობაზე. პროკურორი ანი ხუბეჯაშვილი აცხადებდა, 4.5-წლიანი პატიმრობა „არასამართლიანია და ვერ აკმაყოფილებს სამართლიანობის მოთხოვნას“

მათე დევიძე გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დაესწრო, თუმცა, ვიდრე სხდომათა დარბაზს დატოვებდა საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლა.

„მომივიდა ხმები, რომ შემიძლია, დავწერო შეწყალება და ასე გავიდე გარეთ. ბოდიში, მაგრამ სისულელეა. ჯერ მოძალადე მეძახეს, მერე ქვეყნის დამქცევი, მერე მოღალატე და ახლა უცებ შემიბრალონ. მაპატიეთ, მაგრამ ნებისმიერი შემოთავაზებული შეღავათი იქნება უარყოფილი და - მაპატიეთ ამ სიტყვისთვის - მიფურთხებული ჩემგან“, – თქვა მათე დევიძემ და სიტყვის დასასრულს დასძინა, რომ მოსამართლე ჩახნაშვილის მხრიდან სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი არ ჰქონდა.

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი

ადვოკატ ომარ ფურცელაძის განცხადებით, საქმეში არსებობს იმგვარი სამართლებრივი პრობლემები, რაც დევიძის გათავისუფლების საფუძველი უნდა ყოფილიყო.

„მათ შორის, მათე არის უკანონოდ დაკავებული, მის მიმართ ბრალის წარდგენა მოხდა უკანონოდ. ყველა ეს წინაპირობა საერთაშორიოს სასამართლოში დავის გაგრძელების საფუძველია. მეორე - წარმოდგენილი მტკიცებულებებით არსად არასოდეს არ დასტურდრბა, რომ მათე დევიძის მიერ ჩადენილია ის ქმედება, რომელსაც პროკურატურა ედავება, საუბარია პოლიციელზე თავდასხმაზე. არა, მათე დევიძეს ეს ქმედება არ ჩაუდენია.

ჩვენ გავაგრძელებთ დავას. ფორმალურად წინ გვაქვს მესამე ინსტანციის, საკასაციო სასმართლო, რომელსაც მივმართაცთ სათანადად დასაბუთებული საჩივრით. თვითმიზანი არის სტრასბურგის სასამართლოში საქმის წარმოება“, – განაცხადა ადვოკატმა.

2025 წლის ივნისში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მათე დევიძე დამნაშავედ ცნო პოლიციელზე თავდასხმაში და მას 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მათე დევიძე უკვე წელიწადზე მეტია პატიმრობაშია. ის 2024 წლის 19 ნოემბერს დააკავეს თბილისში გამართულ აქციაზე, რომლის მონაწილეებიც საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. პროკურატურა მას სამი პოლიციელისთვის (ლევან კოდელაშვილი, გიორგი ესტატეშვილი, ბიძინა ჟამერაშვილი) ჯოხის დარტყმას ედავებოდა. დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და სასჯელის სახით, 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.