თბილისის სააპელაციო სასამართლომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გოგი წულაია, რომელიც ამჟამად საფრანგეთში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს, დამნაშავედ ცნო სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენის ფაქტზე და ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 3 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 4 სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა კითხვები მზია ამაღლობელის საქმეზე
- 5 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 6 „სამედიცინო დახმარება თუ გინდა, სხვა ქვეყნებიც არის“ - კობახიძე უვიზოს შესაძლო შეჩერებაზე
ამ განაჩენით სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის საჩივარი დააკმაყოფილა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა.
„კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ პოლიტიზებული სასამართლო გვაქვს. პოლიტიკური პატიმარი ვარ. მსჯიან იმის გამო, რომ გავბედე და ბიძინა ივანიშვილის შვილს შევაგინე. ამას არ მაპატიებდა. ახლა საფრანგეთში ვარ და იმედი მაქვს, რომ საქართველოს არ გადამცემენ“, - ამბობს წულაია.
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წევრი და ქუთაისის მერობის ყოფილი კანდიდატი გოგი წულაია ქალზე ძალადობის ბრალდებით 2021 წლის 17 მარტს დააკავეს. პროკურატურის მტკიცებით, 16 მარტს, თბილისში, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა წულაიამ ქალის მიმართ ძალადობით, სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა, რის შედეგადაც დაზარალებულმა სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიიღო. წულაია ქალზე ძალადობას უარყოფა და მას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) აგენტობაში სდებდა ბრალს.
წულაიას მტკიცებით, მისი დაკავების რეალური მიზეზი რამდენიმე დღით ადრე, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილის მიმართ გინება გახდა.
პოლიტიკოსის წინააღმდეგ საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი ძალადობით) იძიებდა. დანაშაული სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წულაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. 2021 წლის ივლისში, თითქმის ოთხთვიანი პატიმრობის შემდეგ, მოსამართლე ლია ორკოდაშვილის განჩინებით, წულაია 6000 ლარის ოდენობით გირაოს გადახდის სანაცვლოდ გათავისუფლდა. მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება პატიმრის შიმშილობის და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მიიღო.
2022 წლის ნოემბერში სასამართლომ წულაია გაამართლა სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტზე და დამნაშავედ ცნო იმგვარი ძალადობისთვის, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. მას ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა ამ დროისთვის წულაია უკვე სტრასბურგში იმყოფებოდა. მის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
