სააკაშვილი - 9 მილიონიანი ჯარიმა საქართველოს უნივერსიტეტის წინააღმდეგაა მიმართული

AP-ის ფოტო

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ე.წ. პიჯაკების საქმის სამოქალაქო ნაწილში მისთვის დაკისრებული 9 მილიონამდე ლარი საქართველოს უნივერსიტეტის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას დაუკავშირა. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 8 392 827 ლარის გადახდა დაეკისრათ, რასაც მესამე პრეზიდენტისთვის პერსონალურად განსაზღვრული 631 540 ლარიც ემატება.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვეტილების გამოცხადებამდე განაცხადა, რომ ეს პროცესი სინამდვილეში მისი დედის, გიული ალასანიას მიერ დაფუძნებულ უნივერსიტეტზე დარტყმას ისახავს მიზნად.

„სინამდვილეში, ეს არის მცდელობა გავიდნენ დედაჩემზე, რადგან დედაჩემი არის უნივერსიტეტის დამფუძნებელი. მთელი ისტორია, რაც ამ პროცესს ეხება, ეს არის კიდევ ერთი ძალიან მაგარი უნივერსიტეტის დახურვის მცდელობა საქართველოში. ჩემი ქონება მხოლოდ 75 კვადრატული მეტრის სახლისგან და ერთ-ნახევარი ჰექტარი ვენახისგან შედგება, კიევში კი ძალიან მოკრძალებული სახლი მაქვს, რომელსაც ესენი ვერ მიწვდებიან“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ „ტვ პირველთან“ საუბრისას განმარტა, რომ უნივერსიტეტი მისი შვილის საქმიანობასთან კავშირში არ არის და მოქმედი კანონმდებლობით, მიხეილ სააკაშვილის განაჩენის გამო სასწავლებლის ქონების დაყადაღება შეუძლებელია. „კანონით ეს შეუძლებელია, თუმცა ისე ყველაფერი დასაშვებია. შეუძლიათ დაიჭირონ იარაღი და მე მომკლან ქუჩაში“, - თქვა ალასანიამ.

ამ საკითხს წინ უძღოდა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის მიმართვა პროკურატურისადმი, რომლითაც ის 18 წლის წინ „უკანონოდ ჩამორთმეული ქონების“ დაბრუნებას ითხოვს. გურგენიძე ამტკიცებს, რომ სტუ-ს კუთვნილი ფართები თავის დროზე საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლას გადაეცა, რომელიც მოგვიანებით საქართველოს უნივერსიტეტად ჩამოყალიბდა. ამავე პოზიციას იზიარებენ „ქართული ოცნების“ ლიდერები და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რომლის ვერსიითაც, წინა ხელისუფლების დროს სახელმწიფო ქონება ჩამოერთვა ტექნიკურ უნივერსიტეტს და გიული ალასანიას სასწავლებელს გადაეცა.

საქართველოს უნივერსიტეტის განმარტებით, „აღნიშნული ქონება არა ტექნიკურ უნივერსიტეტს, არამედ ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნოდა. ეს იყო დაუმთავრებელი მშენებლობები, სადაც საგანმანათლებლო საქმიანობა არასოდეს განხორციელებულა. უნივერსიტეტმა ეს ობიექტები ეკონომიკის სამინისტროსგან, ოფიციალურ აუქციონზე, რამდენიმე მილიონ ლარად შეიძინა“.

მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც ე.წ. პიჯაკების საქმეზე 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, 9 მილიონამდე ლარის გადახდა სწორედ დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხების გაფლანგვის ბრალდების საფუძველზე დაევალა.

„პიჯაკების საქმე“ საზოგადოებაში ყველაზე მეტად სწორედ პრეზიდენტის პირადი ხარჯების გასაჯაროების გამო გახდა ცნობილი. საუბარია ჯამში დაახლოებით 9 მილიონ ლარზე, რომელიც პროკურატურის მტკიცებით, 2009-2013 წლებში მიხეილ სააკაშვილის განკარგულებითა და თემურ ჯანაშიას ორგანიზებით, გასაიდუმლოებული ფორმით დაიხარჯა. საქმე რამდენიმე ეპიზოდს აერთიანებს. ბრალდების თანახმად, ბიუჯეტის ხარჯზე სააკაშვილმა ლონდონში  ძვირადღირებული პიჯაკები და პალტო შეიძინა. საქმეს სახელი სწორედ აქედან დაერქვა. ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი ნაწილია პრეზიდენტის ვიზიტები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში, სადაც, პროკურატურის მტკიცებით, საბიუჯეტო თანხებით დაფინანსდა მისი კოსმეტიკური პროცედურები; ბრალდება მოიცავს სააკაშვილის ოჯახის წევრების საზღვარგარეთ სწავლის, სასტუმროებისა და დასვენების ხარჯებს, ასევე, ძვირადღირებული საჩუქრებისა და აქსესუარების შეძენას.

სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს ხარჯები არ იყო დაკავშირებული სახელმწიფოებრივ საჭიროებებთან და მათზე „საიდუმლო“ გრიფის დადება მხოლოდ თანხების გაფლანგვის შესანიღბად მოხდა. თავად მიხეილ სააკაშვილი ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და აცხადებს, რომ ეს ხარჯები ქვეყნის პოპულარიზაციასა და წარმომადგენლობით საქმიანობას ხმარდებოდა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.