რუსული სისტემები და „ოცნების“ გეგმა - სახის ამომცნობი კამერები მთელ საქართველოში

უსაფრთხოების ზომების გამკაცრებისა და დანაშაულის პრევენციის საბაბით, „ქართული ოცნება“ სახის ამომცნობი კამერების დამონტაჟებას მთელი ქვეყნის მასშტაბით გეგმავს. ეს ინიციატივა გაჟღერდა საერთაშორისო ორგანიზაცია AlgorithmWatch-ის სკანდალური გამოძიების ფონზე, რომელიც ამტკიცებს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო პროტესტის გასაჩუმებლად რუსულ, სანქცირებულ პროგრამულ უზრუნველყოფას იყენებს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„დეტალურად გავარკვევ და შემდეგ ბრიფინგზე რაც მეცოდინება, ყველაფერს გეტყვით. თუ საიდუმლო იქნება, არ გეტყვით“, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ მთავრობის ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რა სათვალთვალო კამერებს იყენებს შსს.

მდინარაძის განცხადებით, სახის ამომცნობი კამერების დამონტაჟება არ შემოიფარგლება მხოლოდ ცენტრალური უბნებით.

„სახის ამომცნობი კამერების გამოყენებაა პრობლემა? სახის ამომცნობ კამერები, დანაშაულის პრევენციის მიზნით, რუსთაველზე და ცენტრალურ უბნებში კი არა, მთელს ქვეყანაში შევეცდებით, რომ დავაყენოთ წლების განმავლობაში. მთელი მსოფლიო ასე მოქმედებს. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ანტიტერორისტული მიზნებიდან გამომდინარე, მათ შორის, დანაშაულის პრევენციის უპირატესი მიზნებიდან გამომდინარე, შევეცდებით, რომ საჯარო სივრცეში მთელი ქვეყნის მასშტაბით დავაყენოთ, არამხოლოდ ცენტრალურ უბნებში“, - განაცხადა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაცია AlgorithmWatch-ის მიერ გამოქვეყნებული გამოძიების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სახის ამომცნობ სისტემას ყიდულობს რუსული კომპანია Papillon AO-სგან, რომელიც შშ-ის, უკრაინის, შვეიცარიისა და იაპონიის მიერ არის დასანქცირებული. რუსული კანონმდებლობის თანახმად, კომპანია ვალდებულია უშიშროების ფედერალურ სამსახურთან ითანამშრომლოს.

გამოძიების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იყენებს პროგრამულ უზრუნველყოფას სახელწოდებით Polyface, რომლის უახლესი ვერსია - 3.7.0, უწყებას 2025 წლის ივნისში მიეწოდა. სისტემა ეფუძნება ამოცნობის ღრმა სწავლების ალგორითმს (deep learning). ის შეიმუშავა რუსულმა კომპანია 3DiVi-მ, რომელიც ნოვოსიბირსკშია ბაზირებული და რუსეთის სახელმწიფო ვენჩურული ფონდის მიერ ფინანსდება. AlgorithmWatch-ის სტატიაში ვკითხულობთ, რომ

სისტემას შეუძლია მაღალი გარჩევადობის გამოსახულების ჩაწერა ხალხმრავალ ადგილებში, მათ შორის ცუდი განათების პირობებში. მას აქვს უნარი, ამოიცნოს სახეები ნიღბის პირობებშიც კი.

მამუკა მდინარაძე კატეგორიულად უარყოფს რუსული სისტემების შესყიდვას და ბრალდებებს „სისულელესა“ და „სიგიჟეს“ უწოდებს. მისი მტკიცებით, რაც ის ამ თანამდებობაზეა, ყველა შესყიდვას თავად აწერს ხელს და რუსეთთან დაკავშირებული არაფერი შეუძენია.

„არათუ მოსკოვი და რუსეთის რომელიმე ქალაქი, რუსეთთან დაკავშირებული რომელიმე ადგილიდან არანაირი შესყიდვა ჩემთან არ შემოსულა ხელმოსაწერად. და [შინაგან საქმეთა მინისტრი] სულხან თამაზაშვილი ჩუმად არ იყიდის მოსკოვიდან რაღაც კამერებს, გამორიცხული ამბავია. ნუ გელანდებათ და გეჩვენებათ ყველგან რუსეთი!“, - განაცხადა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

AlgorithmWatch-ის თანახმად, იდენტიფიცირებისთვის Polyface-ი იყენებს „ინფორმაციის ერთიან ბაზას“, რომელსაც წვდომა აქვს სამოქალაქო რეესტრის ფოტოებზე. ავტომატური იდენტიფიკაციისა და ოპერატორის მიერ მართული ძიების გარდა, შესაძლებელია Polyface-ში პირთა სიის (მაგალითად, აქტივისტები, ორგანიზატორები) წინასწარ ჩატვირთვა. კამერის მიერ ამ პირების დაფიქსირებისთანავე სისტემა დაუყოვნებლივ გასცემს სიგნალს.

სატენდერო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით ორგანიზაცია წერს, რომ საქართველოს შინაგან სამინისტრომ 2025 წელს მოითხოვა ლიცენზიები ოპერატორთა შეუზღუდავი რაოდენობისთვის, მაშინ, როდესაც მანამდე სისტემა მაქსიმუმ 30 ერთდროულ ოპერატორზე იყო გათვლილი. „ოპერატორი“ არის შსს-ს თანამშრომელი, რომელიც რეალურ დროში მართავს კამერას - შეუძლია მისი მიმართვა კონკრეტულ პირზე, გამოსახულების მიახლოება (ზუმი) და ადამიანის სახის შედარება მონაცემთა ბაზასთან.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ ასეთი ტექნოლოგიების გამოყენება, საკანონმდებლო გარანტიების გარეშე, ემსახურება პროტესტის ჩახშობას და „მსუსხავი ეფექტის“ შექმნას. საია მიუთითებს კონკრეტულ შემთხვევებზე, როდესაც კამერები ლაივ რეჟიმში აკონტროლებდნენ აქციის მონაწილეებს და ადიდებდნენ მათ მიერ წაკითხულ დოკუმენტებსაც კი.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.