5 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე უწყვეტი პროევროპული აქციების 343-ე დღეს, პოლიციამ დააკავა რუსუდან კობახიძე – 9 შვილის დედა, ფილოლოგი, მასწავლებელი, ლექტორი, „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ მკვლევარი და რედაქტორი.
ახალი ამბები
რუსუდან კობახიძის დაკავება ქაშვეთის ტაძრის მიმდებარედ მოხდა. „ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა სამინისტრო, სავარაუდოდ, მასაც გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება.
არსებული ინფორმაციით, ასევე დაკავებულები არიან ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრილეილა ცომაია, სტუდენტი გურამ ღონღაძე, პედაგოგები მარინე ნანავა და ანი ძულიაშვილი.
შსს-ს თანამშრომლები პარლამენტის წინ გამართულ მშვიდობიან აქციაზე მოქალაქეებს ყოველდღიურად აკავებენ. დაკავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც, რომლებიც პროტესტს აშუქებენ.
„ქართული ოცნების“ მიერ მიღებული რეპრესიული კანონებით აქციის მონაწილეებისთვის 15, ხოლო ორგანიზატორებისთვის 20 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობაა გათვალისწინებული სახის ნიღბით ან სხვა საშუალებით დაფარვისა და გზის სავალი ნაწილის გადაკეტვისთვის. იგივე ქმედების ხელმეორედ ჩადენა სისხლის სამართლის წესით ისჯება, რაც 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
