რუსეთის ფიგურული ციგურაობის ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილის საქართველოს ნაკრებში გადასვლას. ამის შესახებ სახელმწიფო მედიას რუსეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ელენა ჩაიკოვსკაიამ განუცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დანიშნეს
- 3 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 4 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
- 5 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 6 აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან ღამე გაათენეს
„გადასვლასთან დაკავშირებით დევისისა და სმოლკინისგან განაცხადი არ მიგვიღია, მაგრამ 22 მაისს საქართველოდან შემოვიდა რელიზი თხოვნით, რომ გადასვლის შესაძლებლობა მიგვეცა.
ჩვენ ეს საკითხი განვიხილეთ, 25 მაისს აღმასკომის ბიურომ მათი გაშვების გადაწყვეტილება მიიღო. ოლიმპიური თამაშების შემდეგ, წელიწადნახევრის განმავლობაში მათ არცერთ შეჯიბრებაში არ მიუღიათ მონაწილეობა, მათზე ფული არ დახარჯულა. რუსეთში არ ჩამოდიოდნენ, ამიტომ გავუშვით“, - განაცხადა ჩაიკოვსკაიამ.
20 წლის დიანა დევისი ფიგურულ ციგურაობაში რუსეთის დამსახურებული მწვრთნელის, წარმოშობით ქართველი ეთერ თუთბერიძის ქალიშვილია. მას აშშ-ის მოქალაქეობა აქვს, ხოლო მისი პარტნიორი, 23 წლის გლებ სმოლკინი რუსი მსახიობის, ბორის სმოლკინის შვილია. წყვილი 2021-22 წლის რუსეთის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია. 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე მათ რუსეთის დროშით იასპარეზეს და მე-14 ადგილი დაიკავეს. ამჟამად ისინი შეერთებული შტატებში ვარჯიშობენ.
საქართველოს ნაკრებში გაწევრიანებით დევისის და სმოლკინის წყვილს საერთაშორისო შეჯიბრებებზე გამოსვლის შანსი გაუჩნდებათ.
2022 წლის 1-ელ მარტს, უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ, მოციგურავეთა საერთაშორისო კავშირმა (ISU), ისევე როგორც სხვა საერთაშორისო სპორტულმა ორგანიზაციებმა, რუს სპორტსმენებს საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა აუკრძალა. ბევრმა სპორტსმენმა რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა და სხვა ქვეყნების სახელით გააგრძელა ასპარეზობა.
9-11 ივნისს ISU საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც რუსეთის და ბელარუსის სპორტსმენების დაშვების საკითხს განიხილავენ. უკრაინის ფიგურული ციგურაობის ფედერაციამ ISU-ს მოუწოდა, რუს მოციგურავეებთან დაკავშირებული აკრძალვა ომის დასრულებამდე ძალაში დატოვოს.
საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციაში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ. იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე რუსი სპორტსმენების მიმართვის შემთხვევაში, სამინისტრო „შესაბამის საორგანიზაციო სამუშაოებს ჩაატარებს“, საბოლოო გადაწყვეტილების მიღება კი პრეზიდენტის პრეროგატივაა.
