რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის ხელმძღვანელად ალექსანდრე წულაძე დაინიშნა. ეს ინფორმაცია „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ტელეკომპანია „პირველს“ დაუდასტურა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
ალექსანდრე წულაძე 2024 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის ივლისამდე „ქართული ოცნების“ მთავრობაში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. მანამდე, რამდენიმე თვის განმავლობაში ის მინისტრის პირველი მოადგილე და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი იყო, ხოლო 2019 წლიდან 2023 წლამდე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე.
ჟურნალისტის შეკითხვას, რა კრიტერიუმით შეარჩიეს ოკუპანტ ქვეყანაში საქართველოს წარმომადგენლად ალექსანდრე წულაძე, რომელსაც დიპლომატიური გამოცდილება არ აქვს, მაკა ბოჭორიშვილმა შემდეგნაირად უპასუხა:
„და მერე? მისი მოავლეობები იცით? არ გინდათ ეს ნატატივი - „ოკუპანტ ქვეყანაში წულაია გავუშვით“. კი, რუსეთი ოკუპანტი ქვეყანაა და მერე რა გინდათ? პირველად გესმით და ეს გინდათ ჩემგან გაიგოთ? მას აქვს ძალიან კარგი გამოცდილება და არ არის სავალდებულო, ყველა იყოს დიპლომატი, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც, ადამიანს უშვებ მაღალ თანამდებობაზე დიმლომატიურ წარმომადგენლობაში - ეს ერთი. მეორე - რუსეთში საქართველოს მისია ფუნქციონირებს შვეიცარიის საელჩოს დახმარებით“.
ბოჭორიშვილის თქმით, წულაძის დანიშვნა მისი და „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილება იყო.
საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე.
2024 წლის მარტიდან რუსეთის ფედერაციაში საქართველოს ინტერესების სექციის ხელმძღვანელი მამუკა მერკვილაძე იყო. ის და მისი ძმა, გიორგი მერკვილაძე 50%-იან წილს ფლობენ კომპანიაში („კანიონი 350“), რომელსაც სახელმწიფომ მარტვილის მუნიციპალიტეტში მდებარე უნიკალური ბალდის კანიონი 40 წლით, ტურიტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად გადასცა. კორუფციულ ბიზნესში დარჩენილ წილს 2018-2021 წლებში დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი, ვალერიან მჭედლიძე ფლობს. ბოლო სამი წელია ბალდელები უწყვეტ აქციას მართავენ და ბალდის კანიონის იჯარით გადაცემის შესახებ ხელშეკრულების ბათილად ცნობას ითხოვენ.
