რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციებზე, რუსეთის 36 ქალაქში 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. OVD info-ს ინფორმაციით, ყველაზე მეტი დაკავებული სანქტ-პეტერბურგშია, სადაც 16-18 თებერვალს, მოქალაქეები პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ძეგლთან ყვავილებს ტოვებდნენ. დაკავებულთა რაოდენობით მეორე ადგილზეა მოსკოვი, მესამეზე კი სტავროპოლი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 4 საქართველო ევროპაში ბოლო ადგილზეა: პენსია ძირითადი ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს
- 5 მეუფე ისაია უარყოფს, თითქოს კანდიდატურა მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ მოხსნა
- 6 პოლონეთში 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ნუგზარ ქავთარაშვილს ეძებენ
სანქტ-პეტერბურგში დააკავეს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი, რომელიც ნავალნის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდის გადახდას აპირებდა. სასულიერო პირს მილიციის განყოფილებაში ინსულტი დაემართა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ზოგიერთ ადგილზე ერთკაციანი აქციის მონაწილეებიც დააკევს. ქალაქ მურმანსკში მილიციის განყოფილებაში წაიყვანეს ქალი, რომელსაც ეჭირა ქაღალდი წარწერით „მოკლულია ალექსეი ნავალნი. მისი სისხლი შენს ხელებზეა, ვოვა“. ერთმა ქალმა მოაწყო აქცია ნოვოსიბირსკშიც. ისიც სამართალდამცველებმა დააკავეს.
მშვიდობიანი აქციების მონაწილეების დაკავების გარდა, მილიციელები რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალებთან მიტანილ ყვავილებსაც იღებენ.
16 თებერვალს, იამალ-ნენთა ავტონომიურ ოლქში სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ N3 გამოსასწორებელ კოლონიაში, გასეირნების შემდეგ, ალექსეი ნავალნიმ თავი ცუდად იგრძნო და თითქმის მაშინვე გონება დაკარგა. „ჩატარდა ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება, მაგრამ ამან დადებითი შედეგი არ გამოიღო. სასწრაფო დახმარების ექიმებმა მსჯავრდებულის გარდაცვალება დაადასტურეს. გარდაცვალების მიზეზები დგინდება“, - აცხადებდა უწყება. პროპაგანდისტული არხის Russia Today-ს წყარომ გარდაცვალების მიზეზად თრომბი დაასახელა.
მოგვიანებით, ნავალნის სიკვდილი მისმა მხარდამჭერებმაც დაადასტურეს. „ალექსეი ნავალნი მოკლეს. ის გარდაიცვალა 16 თებერვალს, ადგილობრივი დროით 14:17 საათზე, როგორც ეს ალექსეის დედისთვის გაგზავნილ ოფიციალურ შეტყობინებაშია ნათქვამი“, - დაწერა პოლიტიკოსის პრესმდივანმა, კირა იარმიშმა.
ნავალნის ცხედარს, რომელიც სავარაუდოდ ქალაქ სალეხარდის მორგშია, დედას ამ დრომდე არ ანახებენ. საგამოძიებო კომიტეტში აცხადებენ, რომ სიკვდილის გარემოებების გამოძიება გრძელდება.
