„რუსეთში განვითარებულ მოვლენებს ჩვენ უნდა დავაკვირდეთ. ეს არის ერთადერთი, რაც უნდა გავაკეთოთ. ბუნებრივია, ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ. ეს არის და ეს, მეტი არაფერი“, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მედიის შეკითხვას, ხომ არ იგეგმება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მოწვევა და საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩაკეტვა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 დიდმა ბრიტანეთმა ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 5 გოცირიძე: ამ მასშტაბის ფულის გათეთრება ვერ ხერხდება ხელისუფლების მფარველობის გარეშე
- 6 „გამოიწვია ქონებრივი ზიანი 570 ლარის ოდენობით“ – პროკურატურამ ელენე ხოშტარიას ბრალი წარუდგინა
კობახიძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, ექსპრემიერ გიორგი გახარიას განცხადებასთან დაკავშირებით. გახარია მთავრობას მოუწოდებს, „დაიცვას ქვეყნის ინტერესები“ და „არაპროგნოზირებადი ვითარების გათვალისწინებით და სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დროებით ჩაიკეტოს საზღვრები რუსეთთან“.
„ასეთი სისულელე ადრე თვითონ გახარიასაც კი არ უთქვამს. ქვეყნის უსაფრთხოება არის დაცული, ყველაფერი არის დაცული. ამაზე მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ზრუნავენ ჩვენი სახელმწიფო უწყებები. სახელმწიფო მყარად დგას უსაფრთხოების სადარაჯოზე და არავის მითითება, მით უმეტეს, გახარიას მითითება ამასთან დაკავშირებით არ გვჭირდება“, - აღნიშნა კობახიძემ.
მმართველი პარტიის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ჩაკეტვა სისულელეა. მისივე თქმით, რუსეთის შიდა პოლიტიკა საქართველოს საქმე არ არის.
„ჩვენ ვერ ჩავერევით ვერცერთი სახელმწიფოს, მათ შორის, ვერც რუსეთის შიდა პოლიტიკაში. ეს არ არის ჩვენი საქმე. ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენს ქვეყანას, უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და სწორედ ამაზე ზრუნავს საქართველოს ხელისუფლება“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.
კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა 23 ივნისს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინაში „ვაგნერელების“ ბანაკების დაბომბვაში დაადანაშაულა და პირობა დადო, რომ „სამართლიანობის მარშს“ დაიწყებს. მისი თქმით, 25 ათასი „ვაგნერელი“ მიდის იმის გასარკვევად, თუ „რატომ ხდება ქვეყანაში ეს განუკითხაობა“.
„ბოროტება, რომელიც რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას მოაქვს, უნდა შეჩერდეს. ისინი უგულებელყოფენ ჯარისკაცების სიცოცხლეს, დაივიწყეს სიტყვა „სამართლიანობა“ და ჩვენ მას დავაბრუნებთ. ამიტომ დაისჯებიან ისინი, ვინც დღეს გაანადგურეს ჩვენი ბიჭები და ათი ათასობით რუსი ჯარისკაცის სიცოცხლე. ვთხოვთ, წინააღმდეგობა არავინ გაგვიწიოს... ყველას, ვინც წინააღმდეგობას გაგვიწევს, საფრთხედ ჩავთვლით და დაუყოვნებლივ გავანადგურებთ“, - განაცხადა პრიგოჟინმა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „ვაგნერის“ პოზიციების დაბომბვას სიცრუე და პროვოკაცია უწოდა. ფედერალურმა უსაფრთხოების სამსახურმა პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეიარაღებული გადატრიალების მცდელობის მუხლით აღძრა. ქალაქ მოსკოვში, მოსკოვისა და ვორონეჟის ოლქებში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმია გამოცხადებული. მოსკოვის ცენტრში წუხელ სამხედრო ტექნიკაც გამოიყვანეს.
ამ დროისთვის, „ვაგნერი“ უკრაინის საზღვართან მდებარე დონის როსტოვში სამხედრო ობიექტებს აკონტროლებს, მათ შორის აეროდრომსაც. პრიგოჟინი თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან და გენშტაბის ხელმძღვანელ ვალერი გერასიმოვთან შეხვედრას ითხოვს.
პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის ამბოხი „ზურგში დარტყმად“ შეაფასა და პირობა დადო, რომ ყველა, ვინც „ღალატის გზას დაადგა“, „გარდაუვალი სასჯელით“ დაისჯება.
