რუსეთმა უკრაინაში მებრძოლ მირო ვანაძეს დაუსწრებლად 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა

რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა უკრაინაში მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი მოხალისის, მირო ვანაძის წინააღმდეგ განაჩენი გამოიტანა. ოკუპირებული დონეცკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ ვანაძეს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

რუსეთის ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეს შეიარაღებულ კონფლიქტში „დაქირავებული მებრძოლის“ სტატუსით მონაწილეობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მასზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. საგამოძიებო კომიტეტის მტკიცებით, მირო ვანაძე 2022 წლიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებშია და მონაწილეობდა როგორც ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების, ისე რუსეთის რეგულარული არმიის წინააღმდეგ წარმოებულ სამხედრო ოპერაციებში.

35 წლის მირო ვანაძე ბათუმელია და შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) პროფესიონალი მებრძოლია. უკრაინაში 2018 წელს საგანმანათლებლო მიზნით ჩავიდა, მოგვიანებით კი სპორტული კარიერის გასაგრძელებლად იქ დარჩა. ერთ-ერთ უკრაინულ გამოცემასთან ინტერვიუში ვანაძემ განაცხადა, რომ 2022 წელს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, მან უარი თქვა UFC-ში კარიერის აწყობის ოცნებაზე და მოხალისეთა ბატალიონს შეუერთდა. მან მონაწილეობა მიიღო კიევის დაცვაში, რის შემდეგაც ხარკოვის ოლქსა და დონბასში იბრძოდა.

2024 წლის მაისში აფეთქების შედეგად მირო ვანაძე მძიმედ დაიჭრა: მას ფეხის ძვალი დაუზიანდა და მარჯვენა ხელის ტრავმა მიიღო, რის გამოც ხანგრძლივი და რთული რეაბილიტაცია ესაჭიროება.

ვანაძე აცხადებს, რომ უკრაინის მხარეს ბრძოლა მისი ვალია და ამით რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ ქართველების მრავალსაუკუნოვან ბრძოლას აგრძელებს.

ბოლო წლებში რუსეთმა დაუსწრებლად გაასამართლა უკრაინაში მებრძოლი ათობით ქართველი მოხალისე, რომელთაც მოსკოვი „უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებში“ მონაწილეობასა და ტერორიზმში ადანაშაულებს. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შემთხვევა მამუკა გაწერელიას უკავშირდება: მარიუპოლის დაცვისას, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე ტყვედ ჩავარდნილ ქართველ მებრძოლს საოკუპაციო რეჟიმის სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა.

რიგითი მოხალისეების გარდა, რუსეთს მრავალწლიანი პატიმრობა დაუსწრებლად აქვს მისჯილი იმ ქართველი საჯარო პირებისა და პოლიტიკოსებისთვისაც, რომლებიც უკრაინის მხარეს ბრძოლებში მონაწილეობდნენ. მათ შორის არიან პარტია „მოქალაქეების“ დამფუძნებელი და ყოფილი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი, კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრი კობა ხაბაზი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და იურისტი, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.