ხარკოვში, ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 1.5 წლის გოგონა და 16 წლის ბიჭიც არიან. უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, მხოლოდ ერთ ღამეში რუსეთმა უკრაინას 140 დრონით და ოთხი „ისკანდერ-M“-ის 4 რაკეტით შეუტია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
როგორც ხარკოვის მერმა, იგორ ტერეხოვმა განაცხადა, დაშავებულია სულ მცირე 20 ადამიანი, რომელთაგან ექვსი ბავშვია.
სამრეწველო რაიონში მდებარე ხუთსართულიანი შენობის ნანგრევების ქვეშ შესაძლოა ადამიანები კიდევ იყვნენ მოყოლილები, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, რუსულმა ძალებმა ხარკოვი დაახლოებით დილის 5 საათზე დაბომბეს. ქალაქში სულ ექვსი საცხოვრებელი შენობა დაზიანდა.
18 აგვისტოს ღამეს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის კიდევ რამდენიმე რეგიონს შეუტიეს. კიევის ოლქში რუსულმა დრონებმა დააზიანეს ანგარი ბორისპოლის რაიონში, რასაც მსხვერპლი არ მოჰყოლია. ოთხი ადამიანი დაიჭრა ზაპოროჟიეზე რუსული დარტყმის შედეგად.
ოდესის ოლქში დრონების მასშტაბურმა დარტყმამ საწვავისა და ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის ობიექტში მასშტაბური ხანძარი გამოიწვია. უკრაინის იმავე რეგიონში, ორსართულიან საცხოვრებელ შენობას ცეცხლი გაუჩნდა. მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
რუსეთმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაბომბა სუმის ოლქშიც, ხოლო დნეპროპეტროვსკის ოლქში დაბომბილია სამრეწველო საწარმოს ტერიტორია - „დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, ორი კერძო სახლი, გაზსადენი და ელექტროგადამცემი ხაზი“.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსები უკრაინას თავს დაესხნენ ტაგანროგიდან, მილეროვოდან და კურსკიდან „ისკანდერ M“-ის 4 ბალისტიკური რაკეტით, ასევე 140 „შაჰედის“ და სხვადასხვა ტიპის დრონებით კურსკიდან, ორსკიდან, ორელიდან და ანექსირებული ყირიმის ტერიტორიიდან.
