რუსეთის მხარდაჭერისთვის ბრიტანეთმა ქართული კრიპტო-კომპანიები დაასანქცირა

დიდმა ბრიტანეთმა რუსული კრიპტოვალუტის პლატფორმებისა და ფინანსური ქსელების წინააღმდეგ ახალი მასშტაბური სანქციები დააწესა. „შავ სიაში“ მოხვდა 18 სუბიექტი, მათ შორის, საქართველოში რეგისტრირებული სამი კომპანია, რომლებიც, ბრიტანული მხარის ინფორმაციით, რუსეთს საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლითა და ფინანსური ოპერაციების განხორციელებით ეხმარებოდნენ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, სანქციები მიმართულია იმ მექანიზმების წინააღმდეგ, რომლებიც კრემლს სანქციების პირობებში ფინანსურ სექტორში საქმიანობის საშუალებას აძლევს. სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ კომპანიები ყირგიზეთიდან, პანამიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, ელ-სალვადორიდან, რუსეთიდან და მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კრიპტობირჟა Huobi Global S.A. (ამჟამად ცნობილი როგორც HTX).

საქართველოში რეგისტრირებული სამივე კომპანია თბილისსა და ქუთაისში, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში საქმიანობდა.

ბრიტანეთის მთავრობის მონაცემებით:

ARVIX LIMITED LIABILITY COMPANY (შპს ARVIX): რეგისტრირებულია თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში. კომპანია, რომელიც ცნობილია როგორც კრიპტოვალუტის გადაცვლის აგრეგატორი (ბრენდებით EXNODE და EXNODE PAY), ბრიტანეთის მიერ დასანქცირდა „Garantex“-სა და „Grinex“-ისთვის ფინანსური მომსახურების გაწევის გამო. ეს უკანასკნელნი რუსეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის სექტორში მოქმედებენ და თავადაც აშშ-სა და ევროკავშირის სანქციების ქვეშ იმყოფებიან.

RAPIRA GROUP LLC (შპს რაპირა გრუპ): მდებარეობს ქუთაისი-ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში. ბრიტანეთის მთავრობის დოკუმენტაციის თანახმად, კომპანია რუსეთის ფინანსურ სექტორს უჭერდა მხარს და ჩართული იყო უკრაინის დესტაბილიზაციაში ჩართული პირებისთვის ფინანსური რესურსების მიწოდებაში. მასთან დაკავშირებულია ციფრული მისამართი (ბიტკოინ საფულე) და ვებგვერდები Rapira.io და Rapira.org.

AIFORY LIMITED LIABILITY COMPANY (შპს AIFORY): ასევე რეგისტრირებულია თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში. სანქცირების საფუძველი რუსეთის ფინანსური მომსახურების სექტორში საქმიანობის გზით კრემლის მხარდაჭერაა.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ივეტ კუპერმა განაცხადა:

„თუ კრემლი ფიქრობს, რომ ჩვენი სანქციებისგან თავის დაღწევას კრიპტოქსელებისა და ჩრდილოვანი ფინანსური სისტემების უკან დამალვით შეძლებს, ძალიან ცდება“.

აღნიშნულ ფაქტს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური განცხადებით გამოეხმაურა. უწყების ცნობით, ხსენებულ კომპანიებზე გამოძიება ჯერ კიდევ ბრიტანეთის მიერ სანქციების დაწესებამდე იყო დაწყებული და მასზე უკვე არსებობს კონკრეტული სამართლებრივი შედეგები.

საგამოძიებო სამსახურის განმარტებით, დადგენილია, რომ შპს „ეიაიფორი“ (AIFORY) და შპს „არვიქს“ (ARVIX) ფიქტიურად, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ დარეგისტრირდნენ სხვა პირების სახელზე. მათ საქართველოში არ გააჩნდათ ოფისები ან აქტივები, რეალურად კი ოპერირებდნენ მოსკოვში.

2026 წლის 28 აპრილის სასამართლო განაჩენით, სამ ბრალდებულს ჯარიმა (30 000 ლარი) და პირობითი მსჯავრი განესაზღვრა, ხოლო დანაშაულის ორგანიზატორ დავით ჯინჭარაძეს - 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ შპს „რაპირა გრუპ“ რეგისტრირებული იყო ბრიტანეთის მოქალაქის მინდობილობით, ემსახურებოდა ექსკლუზიურად რუსეთის მოქალაქეებს და მისი დომენი რუსულ რეგისტრატორთან იყო გაფორმებული. მას საქართველოს ტერიტორიაზე არანაირი საბანკო ბრუნვა ან აქტივები არ ჰქონია.

საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაციით, აგრძელებს ფინანსურ და კიბერდანაშაულთან ბრძოლას, რათა არ მოხდეს საქართველოს ტერიტორიის გამოყენება სანქციების გვერდის ავლის მიზნით.

თავის მხრივ, ლონდონში რუსეთის საელჩომ სანქციებს „უკანონო და უშედეგო“ უწოდა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.