რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი დღეს, პირველ დეკემბერს, ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ვოლოდინისა და მისი დელეგაციის ვერტმფრენს „ვლადისლავ არძინბას სახელობის სოხუმის საერთაშორისო აეროპორტში“ დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე ლაშა აშუბა დახვდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
- 6 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
დუმის თავმჯდომარემ აშუბასთან ერთად თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, მოგვიანებით კი ე.წ. რესპუბლიკის პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას შეხვდა.
„ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ვითარდება და ეს ადვილია ჩვენთვის, რადგან გაგვაჩნია საერთო ისტორია, საერთო რელიგია, კულტურა, ტრადიციები და გვესმის ერთმანეთის. უნდა ვიფიქროთ საერთო უსაფრთხოებაზე, სოციალური, საბაჟო, საგადასახადო პოლიტიკის და სხვა სფეროებში კანონმდებლობის ჰარმონიზაციაზე, რათა ამით ისარგებლონ როგორც აფხაზეთის, ისე რუსეთის მცხოვრებლებმა“, - განაცხადა ვოლოდინმა.
მისივე თქმით, რუსეთსა და აფხაზეთს შორის სავაჭრო ბრუნვა იზრდება და აქტიურად ვითარდება ტურიზმი. როგორც ვოლოდინი ამბობს, აფხაზეთი რუსი ტურისტებისთვის ყველაზე მიმზიდველი ქვეყნების ხუთეულშია:
„თქვენი ქვეყანა ჩვენს ტურისტებს შორის პოპულარობით რიგით მეორეა. გასული წლის შედეგებს თუ ავიღებთ, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებმა აფხაზეთში 5 მილიონზე მეტი ვიზიტი განახორციელეს. ამიტომ, ჩვენი მხრივ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ურთიერთობები მაქსიმალურად ეფექტურად განვითარდეს“.
აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „მოძმე რუსეთის“ დელეგაციისა და უმაღლესი დონის ლიდერის სტუმრობის გამო სიამაყის განცდა ეუფლება.
„დარწმუნებული ვარ, თქვენი ვიზიტი ბიძგს მისცემს ჩვენს ურთიერთობებს. ისეთი რანგის და ისეთი გამოცდილების მქონე ადამიანს, როგორიც თქვენ ხართ, უთუოდ შეუძლია ხელი შეუწყოს იმ საკითხების გადაჭრას, რომელთა მოგვარება ჯერ ვერ მოვახერხეთ. ამიტომ, თქვენი ვიზიტი რუსეთისა და აფხაზეთის ხალხების ინტერესებს, ჩვენი პოზიციების კიდევ უფრო დაახლოებას და პროდუქტიულობას წაადგება“, - თქვა ბჟანიამ.
დე ფაქტო პრეზიდენტმა რუსეთის ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა „მუდმივი დახმარებისთვის“. ბჟანიას თქმით, ბოლო კვირების განმავლობაში აფხაზეთს ელექტრომომარაგების პრობლემა ჰქონდა, რომელიც რუსეთის ხელმძღვანელობის წყალობით მოხსნილია.
ვიაჩესლავ ვოლოდინის ვიზიტს წინ უძღოდა აფხაზი ე.წ. დეპუტატებისა და აფხაზეთის ტურიზმის მინისტრის ვიზიტი მოსკოვში, სახელმწიფო დუმაში, სადაც აფხაზეთში ტურისტული ინდუსტრიის განვითარება, ინვესტიციების მოზიდვა, სოხუმის აეროპორტის ექსპლუატაციაში გაშვება და რუსეთ-აფხაზეთის საზღვრის გადაკვეთის რეჟიმის გამარტივება განიხილეს.
