რუსეთი საქართველოსგან ოკუპირებულ რეგიონებთან „საზღვრის“ დადგენას ითხოვს

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდზე, რომელიც 2026 წლის 30 ივნისსა და 1-ელ ივლისს გაიმართა, რუსულმა მხარემ დაჟინებით მოითხოვა „პრაქტიკული ზომების“ მიღება, რომლებიც ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „მყარ უსაფრთხოებას“ უზრუნველყოფს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

მოსკოვის პოზიციით, აუცილებელია საქართველოსა და ამ ორ რეგიონს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების შემუშავება და ხელმოწერა. რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, ეს ნაბიჯი „არა მხოლოდ საგრძნობ იმპულსს შესძენდა მოლაპარაკებების პროცესს... არამედ მნიშვნელოვანი წვლილი იქნებოდა მთლიანად რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებაში“.

ამასთან, რუსულმა მხარემ კმაყოფილება გამოთქვა ადგილზე არსებული „შედარებით მშვიდი“ ვითარების გამო, რაც მათი შეფასებით, ჟენევის ფორმატის, 24-საათიანი „ცხელი ხაზებისა“ და ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) დამსახურებაა.

„ხაზი გაესვა მსგავსი მექანიზმის საქმიანობის განახლების აუცილებლობას საქართველო-აფხაზეთის საზღვარზე, გალის დასახლებაში, ასევე აფხაზეთის რესპუბლიკასთან და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის დაწყების აუცილებლობას“, - აღნიშნავს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შემაჯამებელ განცხადებაში.

საგარეო უწყება ამ ინიციატივების აქტუალობას „ნატოს ბლოკსა და საქართველოს შორის ურთიერთქმედების გაძლიერებით“ ხსნის. მათი მტკიცებით, „აგრესიული ალიანსის“ ეგიდით საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებული სამხედრო წვრთნები ზრდის უსაფრთხოების მყარი გარანტიების საჭიროებას.

გარდა ამისა, მოსკოვმა გააკრიტიკა საქართველო გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დევნილების შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო, რომელსაც „უკიდურესად პოლიტიზებული“ უწოდა და განაცხადა, რომ მსგავსი საკითხების სხვა პლატფორმებზე განხილვა, სადაც სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლებს ხმა არ მიუწვდებათ, არსებულ შეთანხმებებს არღვევს.

ჟენევის შეხვედრას გამოეხმაურა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ოლეგ ბარციციც. მისი თქმით, თბილისის მიერ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიად მოხსენიება შეუძლებელს ხდის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევას:

„საქართველოს პოზიცია ყოველთვის გამოირჩეოდა პოლიტიკური და ისტორიულ-სამართლებრივი რეალობიდან გადახვევით... აფხაზეთის რესპუბლიკა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა ორი სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომლებიც საქართველოს მეზობლები არიან. ამ რეალობის გათვალისწინება ყველას მოუწევს. ზუსტად ეს პოზიცია აქვს რუსეთსაც“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოლაპარაკებების ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ ღრმა შეშფოთება გამოთქვა 9 მაისს რუსეთსა და ცხინვალში საოკუპაციო რეჟიმს შორის სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ გაფორმებული ე.წ. შეთანხმებისა და მისი ნაჩქარევად იმპლემენტაციის გამო. უწყების ცნობით, რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა, ტრადიციულად, დატოვეს მოლაპარაკებების მაგიდა დევნილების დაბრუნების საკითხის განხილვისას.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მომდევნო რაუნდი 2026 წლის ნოემბერში იგეგმება.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.