RSF: ერთი წლის განმავლობაში 67 ჟურნალისტი მოკლეს, დაპატიმრებულია –  503

11 თვეა პატიმრობაშია მზია ამაღლობელი, დამოუკიდებელი ქართული გამოცემების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ ხელმძღვანელი

„2025 წელი - სასიკვდილო წელი ჟურნალისტებისთვის: აქამდე მივყავართ სიძულვილსა და დაუსჯელობას“ – ამ სათაურით აქვეყნებს ანგარიშს საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ (RSF).

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„აქამდე მივყავართ ჟურნალისტების სიძულვილს! წელს 67 ჟურნალისტი მოკლეს და ისინი არ ყოფილან უბედური შემთხვევის მსხვერპლი. ისინი მოკლეს, სამიზნედ იქცნენ თავიანთი სამუშაოს გამო. მედიის კრიტიკა სრულიად ლეგიტიმურია - კრიტიკა უნდა იყოს ცვლილებების კატალიზატორი, რომელიც უზრუნველყოფს თავისუფალი პრესისა და საზოგადოებრივი სიკეთის გადარჩენას. თუმცა, ის არასდროს არ უნდა გადაიზარდოს ჟურნალისტების სიძულვილში“, - აცხადებს RSF-ის გენერალური დირექტორი თიბო ბრუტენი.

ბოლო თორმეტი თვის განმავლობაში, მსოფლიოს მასშტაბით მოკლული ჟურნალისტების  79% შეიარაღებული ძალების ან პარამილიტარული დაჯგუფებების (37 ჟურნალისტი) და კრიმინალური ქსელების (16 ჟურნალისტი) მსხვერპლი გახდა.

ჟურნალისტთა მკვლელობების თითქმის ნახევარი, 43% ღაზაში მოხდა, რაზეც „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ პასუხისმგებლობას ისრაელის არმიას აკისრებს. ორგანიზაციის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ „საერთო ჯამში, 2023 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, ისრაელის არმიამ თითქმის 220 ჟურნალისტი მოკლა, რომელთაგან სულ მცირე 65 მოკლეს ან სამუშაოს შესრულების გამო, ან მუშაობის დროს“.

ორგანიზაციის თანახმად, უკრაინაში რუსული არმია აგრძელებს როგორც უცხოელი, ისე უკრაინელი რეპორტიორების მიზანში ამოღებას.

2025 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით, მსოფლიოს 47 ქვეყანაში 503 ჟურნალისტია დაპატიმრებული. ჟურნალისტებისთვის ყველაზე დიდ ციხედ კვლავ ჩინეთი რჩება, სადაც პატიმრობაში მედიის 121 წარმომადგენელია. მეორე ადგილზეა რუსეთი - 48 პატიმრით. სხვა ქვეყნებთან შედარებით, რუსეთში ყველაზე მეტი უცხოელი ჟურნალისტია დაპატიმრებული - მათგან 26 უკრაინელია. პატიმარი ჟურნალისტების რაოდენობით მესამე ადგილზეა მიანმარი.

  • ანგარიშის მიხედვით, ჩინეთში, სი ძინპინის რეჟიმმა 113 მედია პროფესიონალი დააკავა. „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა კვლავ მსოფლიოში ყველაზე დიდ ციხედ რჩება ჟურნალისტებისთვის, სადაც რუსეთსა და მიანმარში ერთად აღებულზე მეტი ადამიანია დაპატიმრებული“, - აცხადებს RSF.
  • ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა რუსეთი, საქართველო, აზერბაიჯანი და ბელარუსი, არსებული ვითარება ასახავს პრესის თავისუფლების წინაშე არსებულ სერიოზულ საფრთხეებს ყოფილ საბჭოთა ბლოკში. „საქართველოში მთავრობის დაუნდობელმა ავტორიტარულმა პოლიტიკამ იანვარში ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის დაპატიმრება გამოიწვია. ამჟამად აზერბაიჯანში 25 ჟურნალისტია პატიმრობაში. რუსეთი მეორე ადგილზეა ჟურნალისტებისთვის მსოფლიოში ყველაზე დიდი ციხეებით, სადაც 2025 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით, 48 ჟურნალისტი იმყოფებოდა პატიმრობაში, მათგან 26 უკრაინის მოქალაქეა“, - წერს „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“.
  • რუსეთის შემდეგ, ისრაელი მეორე ქვეყანაა, რომელიც უცხოელი ჟურნალისტების ყველაზე მეტ რაოდენობას აპატიმრებს. 2025 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით, ისრაელში 20 პალესტინელი ჟურნალისტი იყო დაპატიმრებული, რომელთაგან 16 ბოლო ორი წლის განმავლობაში ღაზას სექტორსა და დასავლეთ სანაპიროზე დააკავეს.

ამჟამად, მთელ მსოფლიოში 20 ჟურნალისტია მძევლად აყვანილი. 37 ქვეყანაში 135 ჟურნალისტი დაკარგულად მიიჩნევა, მათგან ზოგიერთი 30 წელზე მეტია დაკარგულია. RSF-ის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ საინფორმაციო სფეროს პროფესიონალები მთელ მსოფლიოში იკარგებიან, ეს ტენდენცია მკვეთრად იზრდება მექსიკასა (28) და სირიაში (37). სირიაში, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობამდე 2024 წლის დეკემბერში დატყვევებული ბევრი ჟურნალისტი დღემდე დაკარგულად ითვლება.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.