რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის დასრულების აღსანიშნად 388 675 ლარი დაიხარჯება

სს „საქართველოს რკინიგზა“ მოდერნიზაციის პროექტის დასრულებასთან დაკავშირებით, სოფელ ქვიშხეთში, ხალაშენებული გვირაბის აღმოსავლეთ პორტალთან, გახსნის ღონისძიებას გამართავს, რისთვისაც 388 675 ლარი დაიხარჯება.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„საქართველოს რკინიგზამ“ გამარტივებული შესყიდვის განხორციელებაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანხმობა მიიღო. სახელმწიფო კომპანია განმარტავს, რომ გახსნის ღონისძიება წინასწარ ვერ დაიგეგმა, გამომდინარე იქიდან, რომ პროექტის საბოლოო დასრულებამდე მიმდინარეობდა გარკვეული ტექნიკური სამუშაოები და გახსნის ღონისძიების თარიღის დაზუსტება.

მოდერნიზაციის პროექტი არაუგვიანეს 29 დეკემბერს უნდა დასრულდეს. „საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში უღელტეხილის მონაკვეთზე აშენდა ახალი ხიდები, გვირაბები, ასზე მეტი სხვადასხვა სახის ხელოვნური შენობა/ნაგებობა, დაიგო 100 კმ-მდე ლიანდაგი, დამონტაჟდა უსაფრთხოების თანამედროვე სისტემები, ასევე სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციისა და ბლოკირების სისტემები. პროექტის ფარგლებში, აგებულია რეგიონში ყველაზე მასშტაბური 8300 მეტრი სიგრძის ორმილიანი გვირაბი. „საქართველოს რკინიგზის“ ცნობით, საუღელტეხილო უბანზე, 50 კმ-ზე განახლდა სარკინიგზო ინფრასტრუქტურა.

„პროექტის დასრულების შედეგად, საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობა გაორმაგდება, საექსპლუატაციო ხარჯები შემცირდება, გაიზრდება უსაფრთხოება, თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დრო კი შემცირდება. სს „საქართველოს რკინიგზის“ მოდერნიზაციის პროექტი დასრულდება არაუგვიანეს 2025 წლის 29 დეკემბერს.

აღნიშნული წარმოადგენს ისტორიული და სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტს, რაც კი ბოლო ათწლეულებში საქართველოს რკინიგზაში განხორციელებულა. ამდენად, მისი მშენებლობის წარმატებით დასრულებიდან გამომდინარე, აუცილებელია, მოხდეს პროექტის პოპულარიზაცია, რაც ხელს შეუწყობს მისი განსაკუთრებული როლისა და მნიშვნელობის შესახებ საზოგადოებაში ცნობადობის ამაღლებას“, – აღნიშნულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დოკუმენტში.

გახსნის ღონისძიების ორგანიზებისთვის 388 675 ლარს შპს „ვანილა ივენთი“ მიიღებს. აქედან 33 750 ლარი პირდაპირი ეთერის მომსახურებაში დაიხარჯება, 100 000 ლარი კი მულტიმედია შოუში. 8000 ლარს მიიღებს მსახიობი ლევან ხურცია, რომელიც სამთავრობო ღონისძიებების წამყვანია ხოლმე.

მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტი 2011 წელს დაიწყო და 2019 წელს უნდა დამთავრებულიყო. საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს რკინიგზის კონტრაქტორი კომპანია შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი“ ახორციელებს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.