სამოქალაქო საზოგადოებაზე გაზრდილი ზეწოლისა და რეპრესიული კანონმდებლობის გამო, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. ორგანიზაცია, რომელიც 31 წელია ადამიანის უფლებებს იცავს, იძულებულია დროებით შეზღუდოს არაერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, მათ შორის უფასო იურიდიული დახმარება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 2 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 3 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
- 4 „ყველა სცემდა, ვინც მოვიდა“ - გორში პოლიციელებმა მოქალაქეები სასტიკად სცემეს
- 5 „პოლიციელს ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა“ – შს მინისტრის მოადგილე გორში ძალადობაზე
- 6 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
წლების განმავლობაში საია საქართველოს 9 რეგიონში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ოზურგეთი, ზუგდიდი, გორი, დუშეთი, რუსთავი და თელავი) ათასობით ადამიანს ეხმარებოდა. დაარსებიდან დღემდე მათ 1.3 მილიონზე მეტი უფასო კონსულტაცია გასწიეს.
კრიზისულ რეჟიმზე გადასვლა ნიშნავს, რომ მოქალაქეები ვეღარ ისარგებლებენ ყოველდღიური უფასო პირადი, სატელეფონო თუ ონლაინ კონსულტაციებით; შეწყდება დოკუმენტების მომზადება და სტანდარტული საპროცესო წარმომადგენლობა; ორგანიზაცია სამართლებრივ დახმარებას მხოლოდ სტრატეგიული სამართალწარმოების მიმართულებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეებზე გააგრძელებს.
„საია აგრძელებს ადამიანის უფლებების მდგომარეობის მონიტორინგს, დარღვევების დოკუმენტირებას და მათზე საჯარო, მკაფიო და დასაბუთებულ რეაგირებას“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
საიას ეს გადაწყვეტილება იზოლირებული შემთხვევა არ არის. 2024 წლიდან, ე.წ. „აგენტების კანონისა“ და სხვა რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებების მიღების შემდეგ, სამოქალაქო სექტორი უმძიმესი არჩევანის წინაშე დადგა. ორგანიზაციების ნაწილმა უარი თქვა „ღირსების შემლახველ რეესტრში“ რეგისტრაციაზე, რის გამოც არაერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ საქმიანობა სრულად შეაჩერა.
გასული წლის აგვისტოში დააყადაღეს 7 ორგანიზაციის (ISFED - სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება; IDFI - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი; GDI - საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა; სოციალური სამართლიანობის ცენტრი, კავშირი „საფარი“; სამოქალაქო საზოგადოების ფონდი (ყოფილი „ღია საზოგადოების ფონდი“), „დემოკრატიის მცველები“) საბანკო ანგარიშები. ამას წინ უძღოდა საბოტაჟის მუხლით დაწყებული გამოძიება და რამდენიმე საქველმოქმედო ფონდის ანგარიშების დაყადაღება. პროკურატურა ორგანიზაციებს 2024 წლის საპროტესტო აქციების მონაწილეთათვის დამცავი აღჭურვილობის (აირწინაღები, სათვალეები და სხვა) შეძენასა და „სამართალდამცავთა წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების“ კოორდინირებულ დაფინანსებას ედავება.
