პოლიციამ თელავში, სასტუმრო „აგარანის მამულში“ (Agarani Estate) მომხდარი ინციდენტის გამო 30 წლის გიორგი ჭიღლაძე დააკავა. მას რუსეთის მოქალაქე ქალის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას ედავებიან.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 3 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 4 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 5 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 6 „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დააპატიმრეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
დაშავებული ქალი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს. ამ დროისთვის, პროკურატურას თელავის რაიონულ სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით ჯერ არ მიუმართავს.
ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერი სოციალურ ქსელში თავად რუსეთის მოქალაქე ქალებმა გაავრცელეს შემდეგი წარწერით: „საქართველოში კაცები ოთახში უვარდებიან და გოგოებს რუსული ლაპარაკის გამო სცემენ“.
ვიდეოში ჩანს, რომ გიორგი ჭიღლაძემ მათ სასტუმროს ნომერში მიაკითხა და ხმამაღლა სთხოვს პასუხს. ოთახში მყოფი ერთ-ერთი ქალი პროცესს ტელეფონით იღებს. კადრებში ასახულია ჭიღლაძისა და ერთ-ერთი ქალის ორმხრივი ხელის კვრა, რა დროსაც ჭიღლაძე ქალს სახეში არტყამს, აგინებს და ნომერს ტოვებს. ამის შემდეგ მეორე ქალი ითხოვს, რომ პოლიცია გამოიძახონ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოწმეთა ჩვენებებიდან ირკვევა, რომ სასტუმროში ქორწილის მიმდინარეობისას, დამსვენებელმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილის სტუმრებს და მუსიკალურ აპარატურას წყალი დაასხეს. ამის შემდეგ, ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს ფიზიკური დაზიანება მიაყენა.
რას ყვებიან ქორწილის სტუმრები და ბრალდებულის ახლობლები
დაკავებულის მეგობრები და ნათესავები რუსეთის მოქალაქეების მხრიდან მიზანმიმართულ შოვინისტურ პროვოკაციაზე საუბრობენ და კატეგორიულად უარყოფენ ბრალდებას, თითქოს კონფლიქტი რუსული ენის გამო დაიწყო.
ლუკა ლაშხი (თვითმხილველი, გიორგი ჭიღლაძის მეგობარი): „მათი შოვინისტური ბრალდება, თითქოს ჩვენ მათ დავესხით რუსულად საუბრის გამო, არის დიდი სიცრუე. შოვინიზმს და რაშიზმს ადგილი არ ჰქონია, რადგან მათ გარდა სხვა რუსულენოვანი სტუმრებიც იყვნენ იმავე სასტუმროში. მაქსიმალურად მოვითმინეთ მათი საქციელი.
ღვინოს და რაღაც სითხეებს გვასხამდნენ, გვეძახდნენ „პაპუასების ქვეყანა ხართო“ და თან ვიდეოს იღებდნენ. მომღერალს აფურთხებდნენ. იყვნენ არაადეკვატურად მთვრალები და პროვოკაციულები.
მაქსიმალური მოწოდებების და სასტუმროს ადმინისტრაციის გაფრთხილების მიუხედავად, არ შეწყვიტეს ჩვენი ხალხის და ქვეყნის შეურაცხყოფა.
სიტუაცია მწვავდებოდა, ადმინისტრაცია გვპირდებოდა დეესკალაციას, თუმცა რეალურად მდგომარეობა უფრო დამძიმდა. სამწუხაროდ, ამ დროს ჩემი მეგობარი ავიდა მოსალაპარაკებლად და იმის სათქმელად, რომ ქორწილს გვიშლიდნენ. ამ გოგონამ მოსთხოვა, რუსულად ესაუბრა, რაზეც ჩემმა მეგობარმა უპასუხა, რომ საქართველოშია და ან ქართულად, ან ინგლისურად დალაპარაკებოდნენ. ამის შემდეგ გოგომ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, თავს დაესხა. ჩემმა მეგობარმა მრავალჯერ მოიგერია იგი და სამწუხაროდ, აფექტის მდგომარეობაში მოხდა ის, რაც მოხდა.“
თამუნა ცქიტიშვილი (თვითმხილველი, გიორგი ჭიღლაძის ნათესავი): „გიორგის ძმის ქორწილი იყო. ულამაზესი სუფრა გვქონდა და უცებ,
ქართული სიმღერა არ მოეწონათ სტუმარ ქალბატონებს. გადმოასხეს ჯერ ღვინო, მერე შარდი და ბოლოს დააფურთხეს ჩვენს სუფრას და მომღერლებს... ხალხი დაიშალა, ისინი კი მაინც აგრძელებდნენ პროვოკაციას.
ხედავდნენ, რომ იქ უამრავი ნასვამი ახალგაზრდა იყო და ნერვებზე თამაშობდნენ – გვეძახდნენ პაპუასებს, „გრუზინ სვინიას?... როდესაც ნეფე-პატარძალი ქართულს ცეკვავდა, ზემოდან დააფურთხეს აპარატურას. ათასჯერ ვთხოვეთ ადმინისტრაციას მოგვარება, თუმცა უუნარონი აღმოჩნდნენ. როდის და როგორ ავიდა ზუსტად არ ვიცით, მაგრამ ნეფის ძმა ავიდა დასალაპარაკებლად და ის ქალბატონი ყელში სწვდა. ნასვამი ბიჭი იყო, არ ვამართლებ... მაგრამ ეს ყველაფერი მოხდა ამის შემდეგ.“
გიორგი ჭიღლაძის ინტერესებს ადვოკატი ლაშა კაპანაძე იცავს. ის დეტალურად აღწერს ქრონოლოგიას და აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავად არის დაზარალებული:
18 ივლისს, დაახლოებით 18:00 საათიდან, სასტუმრო „აგარანის მამულის“ პირველი სართულის ვერანდაზე ქორწილი მიმდინარეობდა. მე-3 სართულზე მყოფმა რუსულენოვანმა დამსვენებლებმა ნეფე-დედოფალს რუსულად დაუძახეს „Горька“. მას შემდეგ, რაც მათ ყურადღება არ მიაქციეს, გაღიზიანდნენ და ვერანდაზე მყოფი სტუმრების მიმართულებით სითხეების გადმოსხმა და ფურთხება დაიწყეს.
გადმოსხმული სითხე ჩაიღვარა მუსიკალურ აპარატურაში, რის გამოც მუსიკა შეწყდა. ამას მოჰყვა სიტყვიერი შელაპარაკება. სტუმრებმა მათ შიგნით შესვლისკენ მოუწოდეს, რუსეთის მოქალაქეებმა კი საპასუხოდ შეურაცხყოფა მიაყენეს მათ, უწოდეს „პაპუასების ქვეყანა“ და დედა შეაგინეს. ადმინისტრაციამ სტუმრებს პრობლემის მოგვარება აღუთქვა.
მალევე მომღერალმა ალექსანდრე მრელაშვილმა აპარატურა აამუშავა, თუმცა 10-15 წუთში მე-3 სართულიდან სითხის დასხმა და ფურთხება განმეორდა. მომღერალმა განაცხადა, რომ ასეთ შეურაცხმყოფელ პირობებში ვერ იმუშავებდა და ტერიტორია დატოვა.
ვინაიდან ადმინისტრაციამ პრობლემა ვერ მოაგვარა, სიძის ძმა, გიორგი ჭიღლაძე, მე-3 სართულზე ავიდა და კარზე დააკაკუნა. კარის გაღების შემდეგ, ზღურბლთან მდგომმა ჭიღლაძემ ქართულად უთხრა ქალს, რომ მათ ქორწილი ჩაშალეს. ქალმა ინგლისურად მიუგო, რომ საკუთარ ოთახში იყო და მოსთხოვა რუსულად ელაპარაკა. ჭიღლაძემ ინგლისურადვე უპასუხა, რომ ის საქართველოში იმყოფებოდა და მოითხოვა საუბარი ქართულად ან ინგლისურად გაეგრძელებინა. ამაზე ქალი უფრო აგრესიული გახდა, ჭიღლაძეს ყელში სწვდა და დაზიანება მიაყენა. ჭიღლაძემ ხელი გააშვებინა და მიაძახა: „You fucking whore“.
18 ივლისს ჭიღლაძე სასტუმროდან მოწმის სტატუსით გადაიყვანეს თელავის რაიონულ სამმართველოში. ყელის არეში მიყენებული დაზიანების გამო, ადვოკატმა ადგილზე გამოიძახა სასწრაფო დახმარება, რომელმაც დაზიანება დააფიქსირა. მოთხოვნილია სამედიცინო ექსპერტიზა. გამოკითხვის დასრულების შემდეგ, 19 ივლისს, ჭიღლაძე დააკავეს. იგი გურჯაანის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.
სასტუმრო AGARANI ESTATE-ის განცხადება
სასტუმროს ადმინისტრაციამ მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც გმობს ძალადობას და გამოხატავს მზადყოფნას გამოძიებასთან თანამშრომლობაზე:
„ღრმად ვწუხვართ, რომ მსგავსი ინციდენტი ჩვენს ტერიტორიაზე მოხდა და გულწრფელად ვუსურვებთ სრულ გამოჯანმრთელებასა და კეთილდღეობას ყველა მონაწილე პირს.
Agarani Estate სიამოვნებით მასპინძლობს სტუმრებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და განსხვავებული კულტურული თუ ეროვნული წარმომავლობის მქონე ადამიანებს. ჩვენ კატეგორიულად ვემიჯნებით დისკრიმინაციას, სიძულვილსა და ძალადობას ნებისმიერი ფორმით და კვლავაც ვრჩებით ერთგული ჩვენი ვალდებულების - შევქმნათ უსაფრთხო, პატივისცემაზე დაფუძნებული და სტუმართმოყვარე გარემო თითოეული სტუმრისთვის“.
სასტუმროს ადმინისტრაცია ნარამდენიმე გარემოებაცს განმარტავს:
- სასტუმროს არცერთ თანამშრომელს არ გაუმჟღავნებია ინფორმაცია სტუმრის ოთახის შესახებ სხვა პირისთვის.
- სასტუმროს არცერთი თანამშრომელი არ ყოფილა ჩართული ფიზიკურ დაპირისპირებაში.
- როგორც კი პერსონალმა სიტუაციის დაძაბვა შეამჩნია, სამართალდამცველები ფიზიკურ დაპირისპირებამდე დაუყოვნებლივ გამოიძახეს, ინციდენტის შემდეგ კი მაშინვე გამოიძახეს სასწრაფო დახმარებაც.
სასტუმროს წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ინტერნეტში მათი მისამართით უამრავი ცრუ ბრალდება გავრცელდა. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ თუ ცრუ განცხადებები კომპანიისა და თანამშრომლების რეპუტაციას დააზიანებს, ისინი უფლებების დასაცავად ყველა სამართლებრივ მექანიზმს გამოიყენებენ.
