16 სექტემბერს გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, ყოველი მესამე მოქალაქე ამბობს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საკუთარი თავისთვის ან ოჯახისთვის საკვების საყიდლად საჭირო ფული ყოველ თვე ან უფრო ხშირად არ ჰქონდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 6 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
კვლევის მონაწილეთა 45 % ამბობს, რომ ახლა უფრო ნაკლები ფინანსური შესაძლებლობები აქვს, ვიდრე ხუთი წლის წინ ჰქონდა. მხოლოდ 20 % აღნიშნავს, რომ მათი ფინანსური შესაძლებლობები გაუმჯობესდა.
საქართველოს ეკონომიკის ამჟამინდელ მდგომარეობას 55 % ცუდად აფასებს, მხოლოდ 4 % აფასებს კარგად, 38 % კი საშუალოდ.
კითხვაზე - რომელი ეროვნული საკითხია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, პასუხები ასე გადანაწილდა: სამუშაო ადგილები - 36 %, ფასების ზრდა/ინფლაცია - 35 %, სიღარიბე - 32 %, ტერიტორიული მთლიანობა - 26 %, პენსიები - 18 %, ადამიანის უფლებები - 14 % (მოქალაქეებს სამი პასუხის არჩევა შეეძლოთ). მოქალაქეების პრიორიტეტები პოლიტიკური სიმპათიების მიხედვით არ იცვლება.
გამოკითხულთა 67 % ფიქრობს, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოში სიღარიბესთან დაკავშირებით მდგომარეობა გაუარესდა. NDI აღნიშნავს, რომ სხვა ჯგუფებთან შედარებით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის სიღარიბე კიდევ უფრო მწვავე საკითხია.
2018 წელთან შედარებით, ნაკლები ადამიანი ფიქრობს, რომ ხელმისაწვდომ ჯანდაცვასთან დაკავშირებით მდგომარეობა გაუმჯობესდა. მოქალაქეები ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარ სამ ყველაზე დიდ პრობლემას შორის ასახელებენ წამლების ფასს, სამედიცინო მომსახურების/ექიმთან ვიზიტის საფასურს და სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ნაკლებობას.
ამჟამინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, გამოკითხულთა უმრავლესობა - 66 % მომდევნო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას მოელის.
NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ჩატარდა CRRC საქართველოს მიერ, 14 ივლისიდან 15 აგვისტომდე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. გამოკითხვა 2104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2 %-ია.
