ყაზბეგის, კარწახის, რაჭის, სვანეთის გზებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ახალქალაქი-კარწახის გზაზე, ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ90-კმ112 და  კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ147 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთებზე.

დიდთოვლობის, ქარბუქისა და ზვავსაშიშროების გამო, ავტომობილების მოძრაობა ასევე აკრძალულია საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზის კმ30-კმ35 მონაკვეთზე.

ძლიერი თოვის, ზვავსაშიშროებისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის ნაქერალას უღელტეხილის მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ193 (ჯვარი-ლასდილი) მონაკვეთზე აკრძალულია  ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ60 (თეთრიწყლები-ვერონა) მონაკვეთზე მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტისათვის.

ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ27-კმ158 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი  ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია

ინტენსიური თოვის გამო, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში), მთიან რეგიონებში ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ზვავსაშიშროება, ელექტროგადამცემ სადენებზე შემოყინულობა, ზღვაზე შესაძლებელია ძლიერი, 6 ბალამდე შტორმი. 6 თებერვალს იქროლებს ძალიან ძლიერი ქარი.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.