ყაველაშვილი: გულწრფელი ვიქნები, არჩევანის გაკეთება ნამდვილად გამიმარტივდა

„დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩვენმა ქვეყანამ არაერთ გამოწვევას გაუძლო, ბევრი გამოცდილება დაგვიგროვდა, სამწუხაროდ, იყო მძიმე დღეები - სამოქალაქო ომი, სამი ომი გადავიტანეთ, დაპირისპირებები. ეს ყველაფერი გავლილია და ჩვენი საზოგადოება ძალიან დაბრძენდა, არ გაუჭირდება არჩევანის გაკეთება“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ.  

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ყაველაშვილის თქმით, არჩევანი „მარტივი გასაკეთებელია“.

„გამოვხატე ჩემი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. გავაკეთე არჩევანი. გულწრფელი ვიქნები საზოგადოებასთან, არჩევანის გაკეთება ნამდვილად გამიმარტივდა. ვიცით, რომ ერთ მხარეს არის მშვიდობა, განვითარება, სტაბილურობა, სამწუხაროდ, მეორე მხარეს არის არეულობა, დაპირისპირება, პოლარიზაცია. დარწმუნებული ვარ, ჩვენ საზოგადოებასაც არ გაუჭირდება არჩევანის გაკეთება.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით, ჩვენ მოქალაქეებს, მათ, ვისაც სწამს ჩვენი სამშობლოსი, სახელმწიფოსი, ვინც იღებს მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, მადლობა გადავუხადო, იმ ადამიანებს, ვისაც სახელმწიფოებრივი შეგნება გააჩნია, მინდა, ყველას განსაკუთრებით მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა ყაველაშვილმა მედიასთან.

დღეს, 4 ოქტომბერს, „ქართული ოცნება“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს მართავს, რომელსაც ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი და მათი მხარდამჭერები ბოიკოტს უცხადებენ. ისინი 16:00 საათიდან თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქციას შეუერთდებიან.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 12:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე 602 445 ამომრჩეველი მივიდა, რაც საერთო რაოდენობის 17.15%-ია. ყველაზე მაღალი აქტივობა, 30.76%, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში იყო, ხოლო ყველაზე დაბალი - 12.93% - თბილისში. ბოლო, 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში 12:00 საათისთვის აქტივობა 17.72% იყო.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.