რუსეთმა უკრაინის ანექსირებულ ტერიტორიებზე - დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. პრეზიდენტმა პუტინმა ამ გადაწყვეტილების შესახებ უშიშროების საბჭოს სხდომაზე თქვა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 2 ზახაროვა: რუსეთის წყალობით საქართველო ეკონომიკის ზრდის რეკორდულ ტემპს აჩვენებს
- 3 მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღებასთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული შეიწყალა
- 4 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 5 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
- 6 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
„უკრაინული სპეცსამსახურები ჩვენს ტერიტორიაზე დივერსიულ ჯგუფებს აგზავნიან. მათ მიერ არის ორგანიზებული ყირიმის ხიდის აფეთქებაც. ასევე, ტერაქტები სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის, საზოგადოების თავშეყრის ადგილებშიც. ეს ასევე სატრანსპორტო ზონებს, ენერგეტიკულ და ატომური ენერგეტიკის ობიექტებსაც ეხება. შეგახსენებთ, რომ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში, ასევე, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, რუსეთის შემადგენლობაში შესვლამდე საომარი მდგომარეობა მოქმედებდა. ახლა აუცილებელია ეს რეჟიმი რუსული კანონმდებლობის შესაბამისად გავაფორმოთ. ხელი მოვაწერე განკარგულებას, რომლის მიხედვითაც რუსეთის ამ ოთხ ტერიტორიულ სუბიექტზე საომარ მდგომარეობას ვაცხადებთ“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას პუტინმა მინისტრთა კაბინეტსა და მის ხელმძღვანელს მიხეილ მიშუსტინს სპეციალური საკოორდინაციო საბჭოს შექმნა დაავალა, რომელიც რუსეთს, უკრაინაში დაწყებული „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნების მიღწევაში დაეხმარება.
უკრაინის დროებით ოკუპირებულ დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, რუსეთმა 23-27 სექტემბერს ფსევდორეფერენდუმები ჩაატარა, 30 სექტემბერს კი ეს ოლქები რუსეთის ტერიტორიულ სუბიექტებად გამოაცხადა. 3 ოქტომბერს, რუსეთის სათათბირო ორგანომ „რეფერენდუმის“ შედეგებისა და უკრაინის ტერიტორიების ანექსიის შესახებ დოკუმენტების რატიფიცირება მოახდინა.
რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. პუტინი უკრაინის წინააღმდეგ ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების ერთ-ერთ მიზეზად უკრაინის NATO-ში გაწევრიანების სურვილს ასახელდებდა. აგვისტოს ბოლოს რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ NATO-ში შესვლაზე უარის თქმა აღარ წარმოადგენდა უკრაინაში ომის შეწყვეტისთვის საკმარის პირობას.
