უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებაზე უარს ამზადებს. ზელენსკი ასე გამოეხმაურა პუტინის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, რუსეთი 30-დღიანი ზავის მომხრეა, „მაგრამ არის რამდენიმე ნიუანსი“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 2 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 3 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
- 4 „ყველა სცემდა, ვინც მოვიდა“ - გორში პოლიციელებმა მოქალაქეები სასტიკად სცემეს
- 5 „პოლიციელს ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა“ – შს მინისტრის მოადგილე გორში ძალადობაზე
- 6 ბოლო ერთ წელში სუს-ის მესამე თანამშრომელმა მოიკლა თავი
„ჩვენ ყველამ მოვისმინეთ რუსეთისგან პუტინის უაღრესად პროგნოზირებადი და მანიპულაციური სიტყვები ფრონტის ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის იდეის საპასუხოდ - ამ მომენტში ის, ფაქტობრივად, ემზადება მასზე უარის თქმისთვის. პუტინს, რა თქმა უნდა, ეშინია პრეზიდენტ ტრამპს პირდაპირ უთხრას, რომ ამ ომის გაგრძელება სურს, რომ სურს უკრაინელების მოკვლა. ამიტომ მოსკოვი ცეცხლის შეწყვეტის იდეას გარს ახვევს ისეთ წინაპირობებს, რომ ის ან ჩავარდეს, ან რაც შეიძლება დიდხანს გაჭიანურდეს.
პუტინი ამას ხშირად მიმართავს - ის არ ამბობს „არა“-ს პირდაპირ, არამედ აჭიანურებს ყველაფერს და შეუძლებელს ხდის გონივრული გადაწყვეტილებების მიღებას. ჩვენ ვხედავთ რუსული მანიპულაციის მორიგ რაუნდს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების წინადადება - ცეცხლის უპირობო შეწყვეტა ჰაერში, ზღვაზე და ფრონტის ხაზზე - უკრაინამ მიიღო. როგორც ზელენსკი ამბობს, ზავის დროს პასუხი უნდა გაეცეს რეალური, გრძელვადიანი უსაფრთხოებისა და მშვიდობის შესახებ ყველა კითხვას, ასევე, უნდა მომზადდეს ომის დასრულების გეგმა.
„უკრაინა მზადაა იმუშაოს რაც შეიძლება სწრაფად და კონსტრუქციულად. ჩვენ არ ვაყენებთ პირობებს, რომლებიც ართულებს პროცესს. ამას რუსეთი აკეთებს. მათ ეს ომი სჭირდებათ“, - თქვა ზელენსკიმ.
ვლადიმერ პუტინს ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე არც „კი“ უთქვამს და არც „არა“. 13 მარტს, ბელორუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე პუტინმა თქვა, რომ რუსეთი ეთანხმება საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ წინადადებებს, მაგრამ მას უნდა მოჰყვეს გრძელვადიანი მშვიდობა და „აღმოფხვრას კრიზისის ძირეული მიზეზები“.

პუტინს სურს გარანტიები, რომ უკრაინის ჯარი არ ისარგებლებს ცეცხლის შეწყვეტით, რათა გააგრძელოს მობილიზაცია, სამხედრო მოსამსახურეების მომზადება, იარაღის მიღება და ა.შ.
„ამ პირობებში უკრაინული მხარისთვის ძალიან კარგი იქნებოდა ცეცხლის შეწყვეტა მინიმუმ 30 დღით. ჩვენც ამის მომხრე ვართ, მაგრამ არის რამდენიმე ნიუანსი. [...] თავად იდეა სწორია და ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ, მაგრამ არის საკითხები, რომლებზეც უნდა ვისაუბროთ. ვფიქრობ, ამაზე უნდა ვისაუბროთ ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან და პარტნიორებთან, შეიძლება დავურეკოთ პრეზიდენტ ტრამპს და განვიხილოთ მასთან“, - თქვა პუტინმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინის განცხადებას „პერსპექტიული, მაგრამ არასრული“ უწოდა. ტრამპმა გამოთქვა იმედი, რომ რუსეთი „სწორად იმოქმედებს“.
