რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მიიჩნევს, რომ სომხეთში „უმოკლეს ვადაში“ უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. კრემლის პრესსამსახურის განცხადებით, სატელეფონო საუბარი, რომელიც „სომხური მხარის ინიციატივით“ გაიმართა, ძირითადად სომხეთის ევროკავშირში ინტეგრაციისა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის შემადგენლობაში დარჩენის საკითხებს დაეთმო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 6 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
„ვლადიმირ პუტინმა დაადასტურა ერთგულება ასტანაში, ევრაზიული ეკონომიკური საზოგადოების სამიტზე მიღებული ერთობლივი განცხადებისადმი, რომელიც სომხეთის მიერ ევროკავშირის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს ეხება. კერძოდ, აქცენტი გაკეთდა სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების ან ევრაზიული კავშირის შემადგენლობაში შემდგომი ყოფნის შესახებ საერთო სახალხო რეფერენდუმის უმოკლეს ვადაში ჩატარების აუცილებლობაზე“, - ნათქვამია კრემლის გავრცელებულ ინფორმაციაში.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ცნობით, ნიკოლ ფაშინიანმა კრემლის ლიდერს განუცხადა, რომ პრაქტიკაში მსგავსი რეფერენდუმის ჩატარება მხოლოდ მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, რაც სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ოფიციალურ განაცხადს გააგზავნის და პროცესი საგნობრივ ხასიათს მიიღებს.
მხარეებმა ასევე განიხილეს „ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებში წარმოშობილი პრობლემები“. ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხური საქონლის რუსეთის ბაზარზე ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვები ეწინააღმდეგება სომხეთ-რუსეთის სამართლებრივ ჩარჩოსა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის რეგულაციებს და ამ საკითხების დროული მოგვარება მოითხოვა.
„პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა ხაზი გაუსვა სომხეთის მთავრობის მზადყოფნას, აღნიშნული საკითხები ღია, პარტნიორობაზე დაფუძნებული და მეგობრული დიალოგის გზით გადაჭრას“, - აცხადებენ სომხეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში.
ანალიტიკოსების შეფასებით, რუსეთის მხრიდან სომხეთზე ზეწოლა, მათ შორის რუსულ ბაზარზე წვდომის შეზღუდვითა და გაზის ხელშეკრულების პირობების გადახედვის მუქარით, სომხეთის საპარლამენტო არჩევნების ფონზე განსაკუთრებით გაძლიერდა. ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების ერთობლივი განცხადებაც სომხეთში რეფერენდუმის დაუყოვნებლივ ჩატარების მოთხოვნით სწორედ ამ პოლიტიკური წნეხის ნაწილი იყო. მიუხედავად მოსკოვის ძლიერი ზეწოლისა, სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის პოლიტიკურმა ძალამ გაიმარჯვა, რითაც ქვეყანამ დასავლური კურსისკენ სწრაფვა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
