პუტინი: რუსეთს არასდროს ჰქონია, არ აქვს და არც ექნება ვინმეზე თავდასხმის სურვილი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩინეთში, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსთან შეხვედრისას განაცხადა, რომ „პროვოკაცია ან სრული არაკომპეტენტურობაა“ განცხადებები იმის შესახებ, რომ რუსეთი ევროპისთვის საფრთხეს წარმოადგენს.  

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ნებისმიერ საღ აზრზე მყოფ ადამიანს მშვენივრად ესმის, რომ რუსეთს არასდროს ჰქონია, არ აქვს და არც ექნება ვინმეზე თავდასხმის სურვილი. [...] რაც შეეხება რუსეთის „აგრესიულ გეგმებს“ ევროპის მიმართ, კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს სრული სისულელეა, რომელსაც აბსოლუტურად არანაირი საფუძველი არ გააჩნია“, - განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ უკრაინაში კონფლიქტი დაკავშირებულია არა რუსეთის აგრესიულ ქცევასთან არამედ „იმასთან, რომ დასავლეთმა ხელი შეუწყო უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალებას“.

„ჩვენ არ გვაქვს არანაირი სხვა მიზანი, გარდა ჩვენი ინტერესების დაცვისა, რადგან ამ მონეტის მეორე მხარე ის არის, რომ ნატოს დახმარებით ხორციელდება პრაქტიკულად მთელი პოსტსაბჭოთა სივრცის შთანთქმის მცდელობა. ჩვენ იძულებული გავხდით ამაზე რეაგირება მოგვეხდინა. ამაშია მთელი პრობლემა“, - აღნშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთი არასოდეს შეწინააღმდეგებია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას. რაც შეეხება ნატოს, „ეს სხვა საკითხია“.

 „აქ საუბარია რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე და არა მხოლოდ დღეს, არა საშუალოვადიან, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში. ჩვენი პოზიცია აქ კარგად არის ცნობილი: ჩვენ ამას მიუღებლად მივიჩნევთ. ბუნებრივია, უკრაინის გადასაწყვეტია, თუ როგორ უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება. თუმცა, ეს უსაფრთხოება, როგორც ეს ფუნდამენტურ დოკუმენტებშია ჩაწერილი, მათ შორის ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების სფეროში, არ შეიძლება უზრუნველყოფილი იყოს სხვა ქვეყნების, კერძოდ, რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ხარჯზე“, - თქვა პუტინმა.

მისივე განცხადებით, არსებობს ვარიანტები, რათა უზრუნველყოფილი იყოს უკრაინის უსაფრთხოება კონფლიქტის დასრულების შემთხვევაში.

„ეს ასევე იყო ჩვენი განხილვის საგანი ანკორიჯში და ვფიქრობ, რომ აქ კონსენსუსის მიღწევის შესაძლებლობა არსებობს“, - თქვა პუტინმა. მას მხედველობაში ჰქონდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ალიასკაში გამართულ შეხვედრა.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ უკრაინა ვერ გახდება ნატოს წევრი და ეს მისი „საბოლოო გადაწყვეტილებაა“. „რაც შეეხება ევროკავშირში გაწევრიანებას, ჩვენ მზად ვართ უკრაინასთან თანამშრომლობისთვის“, - თქვა სლოვაკეთის პრემიერმა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.