საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის ხუთი მოქალაქე დააკავეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 2 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 3 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 4 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 5 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 6 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
გამოძიების მასალების მიხედვით, ერთ-ერთი კომპანია, საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი რეგისტრაციისა და ნებართვის გარეშე, ახორციელებდა ვირტუალური აქტივების მომსახურებას, როგორც არალეგალური ოფისის, ასევე ე.წ. „საკურიერო“ სერვისის შეთავაზებით.
„[კომპანია] ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ახდენდა ასობით მილიონი ლარის ექვივალენტი ვირტუალური აქტივების ტრანზაქციას, რითიც ჩართული იყო ქვეყანაში საერთაშორისო უკონტროლო ტრანზაქციების განხორციელებაში.
გამოძიებით ასევე ირკვევა, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, საქართველოში, სავარაუდოდ სასაზღვრო კონტროლის გვერდის ავლით, ავტომობილებით ახდენდნენ დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის შემოტანას და ვირტუალური აქტივების შეძენას, რის შემდეგაც დაუსაბუთებელ ქონებას აძლევდნენ კანონიერ სახეს. მიუხედავად მსხვილი ოპერაციებისა, ფიგურანტ კომპანიასა და ფიზიკურ პირებს ბიუჯეტში თანხის გადახდა არ უფიქსირდებათ.
ქ. თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აღნიშნული კომპანიის ოფისიდან ამოღებულია 371 000 აშშ დოლარი, სააღრიცხვო მონაცემები, დოკუმენტაცია და კომპიუტერული ტექნიკა.
აგრეთვე, ამოღებულია ერთი ფიზიკური პირისგან, ვირტუალური აქტივების შესაძენად გადასაცემი - 100 000 აშშ დოლარი, რუსეთის ფედერაციის სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილებიდან - 250 000 აშშ დოლარი, ჯამში - 721 000 აშშ დოლარი“, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეოვს, რაც გულისხმობს ჯგუფურად უკანონო სამეწარმეო საქმიანობას და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას. დანაშაული 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეტით ისჯება.
როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განაცხადეს, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები დანაშაულებრივ ქმედებაში ჩართული სხვა პირების დადგენა-მხილების, გადასახადისათვის თავის არიდებისა და შესაძლო უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის დამატებითი ფაქტების გამოსავლენად.
