პროკურატურამ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის შემკვეთები და ორგანიზატორები დაასახელა

ნიკო კვარაცხელია ქართული სოციალური მედიის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი იყო

პროკურატურამ 2021 წლის სექტემბერში ნიკოლოზ (ნიკო) კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ბრალდება გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას წარუდგინა. ძმებ კაკულიებს, რომლებიც შემკვეთებად სახელდებიან, სხვა საქმეზე თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი, ხოლო საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ვაჟზე, ბუსა ჟვანიაზე ძებნა გამოცხადდება.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

დღეს, 17 თებერვალს, დანაშაულის ჩადენიდან თითქმის 5 წლის შემდეგ, თბილისის პროკურორორმა, გიორგი მიქაიამ განაცხადა, რომ საქმე გახსნილია.

პროკურორის თქმით, ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ძმებმა გურამ და დავით კაკულიებმა, ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდის, გია კვარაცხელიაზე შურისძიების და კრიმინალურ სამყაროში მათი ავტორიტეტის გამყარების მიზნით, ამ უკანასკნელის შვილის ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, მკვლელობა განიზრახეს.

„ძმები კაკულიების მამა ე.წ კანონიერი ქურდი დავით კაკულია 2001 წლის 25 აგვისტოს ქალაქ მოსკოვში მოკლეს, რაზეც კრიმინალურ სამყაროში და საზოგადოებაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მკვლელობის დამკვეთი თითქოსდა გია კვარაცხელია იყო“, - განაცხადა თბილისის პროკურორმა.

დავით და გურამ კაკულიები

პროკურატურის თანახმად, ძმებმა კაკულიებმა ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით მკვლელობის განზრახვა მათ მეგობარს ბესარიონ ჟვანიას გაანდეს და მკვლელობის ორგანიზებაზე შეთანხმდნენ.

ბუსა ჟვანია

ბრალდების მხარის მტკიცებით, ბესარიონ ჟვანიამ დაიწყო დანაშაულის ამსრულებლის მოძიება, რა მიზნითაც იგი ნაცნობებს ალეკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს დაუკავშირდა, შესთავაზა მათ ძმები კაკულიების შეკვეთით მოეხდინათ ნიკოლოზ კვარაცხელიას ჯგუფური მკვლელობა, რაზედაც ისინი დათანხმდნენ.

„ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე ბესარიონ ჟვანიას ორგანიზებით, 2021 წლის ივლისსა და აგვისტოში სომხეთის რესპუბლიკაში რამდენჯერმე გაემგზავრნენ ამავე ქვეყანაში მყოფი მკვლელობის შემკვეთებთან გურამ და დავით კაკულიებთან შესახვედრად, სადაც ისინი მკვლელობის ორგანიზებისათვის აუცილებელ მითითებებს გასცემდნენ.

განზრახ მკვლელობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის გამარტივების მიზნით, დავით და გურამ კაკულიებმა 2021 წლის სექტემბრის დასაწყისში უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რაც ცნობილი იყო ბესარიონ ჟვანიასთვის, რომელმაც ისინი ილია ჭავჭავაძის გამზ. N78-ში მდებარე მისივე ოჯახის საკუთრებაში არსებულ სახლში დააბინავა.

აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში სისტემატურად მიდიოდნენ ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე. მათ, ძმებმა კაკულიებმა დანაშაულებრივი მოქმედების დროს მათთან კომუნიკაციისათვის განკუთვნილი „რედმის“ მოდელის მობილური ტელეფონი გადასცეს.

ალეკო ჭელიძემ და გიორგი კავილაძემ თავის მხრივ, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს დანაშაულის ჩასადენად განკუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები. ასევე, დაადგინეს ნიკოლოზ კვარაცხელიას საცხოვრებელი სახლის მისამართი და ყოველდღიური თვალთვალით სწავლობდნენ მისი გადაადგილების დეტალებს.

2021 წლის 14 სექტემბერს გიორგი კავილაძემ და ალეკო ჭელიძემ იქირავეს „ჰიუნდაი ელანტრას“ მარკის ავტომობილი და დანაშაულის ჩასადენად მოემზადნენ. 15 სექტემბერს, დაახლოებით 16 საათზე და 20 წუთზე, გიორგი კავილაძე და ალეკო ჭელიძე დაქირავებული „ჰიუნდაი ელანტრას“ მარკის ავტომობილით მივიდნენ თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე და პირად საქმეზე მყოფ ნიკოლოზ კვარაცხელიას ჩაუსაფრდნენ. შემთხვევის ადგილზე ალეკო ჭელიძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ნიკოლოზ კვარაცხელიას. ნიკოლოზ კვარაცხელია თავდამსხმელისგან თავის დაღწევის მიზნით გაქცევას შეეცადა, თუმცა ალეკო ჭელიძე დაედევნა მას და კვლავ განაგრძო მისი მიმართულებით სროლა, რითაც სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიაყენა. სროლის დასრულების შემდეგ ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ ამ უკანასკნელის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით. შემთხვევის ადგილზე შეკრებილმა პირებმა ნიკოლოზ კვარაცხელია საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მიღებული დაზიანებების შედეგად იგი იმავე დღეს გარდაიცვალა.

დანაშაულებრივი ქმედების შესრულებისთანავე ალეკო ჭელიძემ და გიორგი კავილაძემ მკვლელობის შემკვეთებს, გურამ და დავით კაკულიებს ტელეფონით აცნობეს მომხდარის შესახებ, რის შემდეგაც ძმებმა რამდენიმე წუთში დატოვეს მათი დროებითი საცხოვრებელი, ბესარიონ ჟვანიას ოჯახის საკუთრებაში არსებული სახლი, ასევე, გიორგი კავილაძე ტაქსის მძღოლის მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ბესარიონ ჟვანიას და საუბრის დროს მიანიშნა ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის შესახებ“, - განაცხადა თბილისის პროკურორმა.

პროკურატურა გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინა (2021 წელს მოქმედი რედაქციით), რაც შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობს და 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ძმები კაკულიები პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებიან სხვა სისხლის სამართლის საქმეზე - 2022 წელს თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე, მათ განზრახ მოკვლის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლის შედეგად სერგი ქურთიაშვილი დაჭრეს, რის გამოც 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ შეფარდებული.

ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე ნიკოლოზ კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობის, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვის და ტარების ფაქტებზე არიან მსჯავრდებულები და 17 და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.

პროკურატურის განცხადებით, ბესარიონ ჟვანიაზე კანონით დადგენილი წესით ძებნა გამოცხადდება. ბრალდების მხარე მოითხოვს, რომ სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდოს.

„სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით“, - განაცხადა თბილისის პროკურორმა, გიორგი მიქაიამ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.