პროევროპულ აქციებზე დაკავებულმა ინსაფ ალიევმა ციხეში შიმშილობა დაიწყო

ფოტო © პუბლიკა

პროევროპულ აქციებზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულმა ინსაფ ალიევმა, გლდანის ციხეში, პროტესტის ნიშნად, შიმშილობა დაიწყო. როგორც მისი ადვოკატი, აიჰან ჰესენლი ამბობს, პატიმარი არაადამიანურ პირობებს აპროტესტებს და მისი უფლებების დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით სახალხო დამცველის მხრიდან რეაგირებას ითხოვს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ინსაფ ალიევმა განაცხადა, რომ მათ საკანში არსებობდა არაადამიანური და არაჰუმანური პირობები კერძოდ, დიდი რაოდენობით ტარაკნები. ამის შემდეგ, ალიევი და მისი თანამესაკნეები 186-ე საკნიდან გადაიყვანეს 248-ე საკანში. ახალ საკანში არ იყო წყალი და კანალიზაცია იყო გაჭედილი. მათ არ შეეძლოთ ხელ-პირის დაბანა და ჭურჭლის რეცხვა, რის გამოც ვერ იღებდნენ საკვებს და ფაქტობრივად შეეზღუდათ წვდომა კვებაზე.

ინსაფ ალიევმა დახმარების თხოვნით მიმართა უფლებამოსილ პირს, თუმცა ხუთი საათის განმავლობაში არანაირი რეაგირება არ ყოფილა. ამ ხნის განმავლობაში, კვება და ჰიგიენა კვლავ პრობლემად რჩებოდა. საბოლოოდ, მან ფეხით კარზე დააკაკუნა იმ იმედით, რომ ვინმე გამოეხმაურებოდა და დახმარებას შესთავაზებდა, თუმცა ამის ნაცვლად შედგა აქტი წესრიგის დარღვევის შესახებ. იმავე საღამოს ალიევი გადაიყვანეს 5-დღიან იზოლაციაში-სამარტოო საკანში“, – დაწერა სოციალურ ქსელ Faacebook-ში ადვოკატმა.

აიჰან ჰესენლის თქმით, ინსაფ ალიევს შეზღუდული აქვს წვდომა მისთვის აუცილებელ სამკურნალო საშუალებებზე.

„სანამ მას სამარტოო საკანში გადაიყვანდნენ, ალიევმა სცადა აეხსნა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სჭირდებოდა წამლების და პირადი ნივთების აღება საკნიდან. ამის ნაცვლად, მას დაადეს ხელბორკილები და ძალის გამოყენებით გადაიყვანეს (ფაქტობრივად ათრიეს) იზოლაციაში. მანამდე კი, როდესაც აღნიშნა, რომ ახალ საკანში შეზღუდული ჰქონდა წვდომა წყალზე და კანალიზაცია იყო გაუმართავი, ალიევი დროებით დააბრუნეს 186-ე საკანში, სადაც ახლახან იყო ჩატარებული სადეზინფექციო სამუშაოები. საკანში იდგა ძლიერი ქიმიური სუნი, რის გამოც ინსაფ ალიევმა ორჯერ იგრძნო თავი ცუდად და მოუწია ექიმთან გადაყვანა“, – აცხადებს ადვოკატი.

აიჰან ჰესენლმა აღნიშნა, რომ მისთვის უცნობია, რამდენი ხანი აპირებს პატიმარი შიმშილობის გაგრძელებას.

34 წლის ინსაფ ალიევი 2024 წლის 4 დეკემბერს დააკავეს და ბრალი ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის წარუდგინეს, რაც 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება. მისი საქმე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ან მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული კიდევ 7 პირის - ნიკოლოზ ჯავახიშვილის, თორნიკე გოშაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ზვიად ცეცხლაძის, ვეფხვია კასრაძის, ვასილ კაძელაშვილის და გიორგი გორგაძის საქმეებთან ერთად განიხილება.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.