„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ, მისი წინამორბედის, ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ განცხადებას „პრობლემური“ უწოდა, ხოლო ღარიბაშვილის ოჯახის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ რისკს - „აბსურდი“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 5 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 6 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
„მე ვნახე ეს განცხადება. არ ვიცი, რაზეა საუბარი. მე ვიცი ერთი რამ, რომ არის კონკრეტული განაჩენი დამდგარი. დანარჩენი მთლიანად სამართალდამცავი ორგანოების საქმეა. მე საერთოდ ვერ გავაკეთებ კომენტარს ამ განცხადებაზე, მათ შორის იმის გამო, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ჩემამდე იკავებდა ამ თანამდებობას. შესაბამისად, ჩემთვის ეთიკური თვალსაზრისითაც არ იქნება სწორი მისი განცხადებების შეფასება.
ძალიან პრობლემური განცხადებაა, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ. პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის“, – თქვა კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, იცის თუ არა რაიმე იმის შესახებ, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ბიძინა ივანიშვილის დავალებით წერილი გაუგზავნეს, კობახიძემ უპასუხა, რომ არ იცის. ამასთან, მან დაადასტურა, რომ გუშინ ივანიშვილთან კომუნიკაცია ჰქონდა, თუმცა აღნიშნული საკითხი არ განუხილავთ.
„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა ღარიბაშვილის წერილის იმ ნაწილზეც, სადაც ის საკუთარი და ოჯახის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს და ხელისუფლებას აკისრებს. კობახიძემ რაიმე საფრთხის არსებობა კატეგორიულად გამორიცხა და თქვა:
„რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე, როგორც მისი, ისე მისი ოჯახის უსაფრთხოება არის დაცული. ეს არის, ზოგადად, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. ოჯახის უსაფრთხოება რატომ უნდა იდგეს რისკის ქვეშ? რამე თეორიული ვარიანტი შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რატომ შეიძლება შეექმნას ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე? მე თეორიულადაც კი ვერ წარმომიდგენია, რა რისკი შეიძლება არსებობდეს... აბსურდია“..
კითხვაზე, არსებობს თუ არა ღარიბაშვილთან დაკავშირებით სხვა საქმეები, კობახიძემ განმარტა, რომ ინფორმაციის მიღება სამართალდამცავი უწყებებიდანაა შესაძლებელი:
„ჩვენ გვაქვს რწმენა სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობაში, რომ ისინი კეთილსინდისიერად მოქმედებენ. თუ რაიმე ნიშნები იქნება სხვა დანაშაულის, ისინი არიან ამაზე პასუხისმგებელი და რაც მთავარია, ეს საზოგადოებისთვის გამჭვირვალეა. თუ რაიმე ახალი ბრალი იქნება წაყენებული კონკრეტული პირისთვის, საზოგადოება გაიგებს ამის შესახებ. მე ამ ეტაპზე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს და შეგნებულად, ჭარბად არ ვინტერესდები ხოლმე ასეთი საკითხებით იმისთვის, რომ ზედმეტი გავლენის ქვეშ არ მოექცეს ესა თუ ის სამართალდამცავი ორგანო.“
ირაკლი კობახიძემ ასევე შეაფასა ოპოზიციის განცხადებები ღარიბაშვილის „პოლიტპატიმრობასთან“ დაკავშირებით და აღნიშნა, რომ როდესაც ოპოზიცია აცხადებს პოლიტპატიმრად კონკრეტულ ადამიანს, ესეც იძლევა კონკრეტული დასკვნების გამოტანის საშუალებას“.
„მარტივი რაღაცაა - როდესაც ხედავენ, რომ არის ხელისუფლება, რომელიც კონკრეტული პრინციპებით მოქმედებს, როგორც კი ვიღაც დაუპირისპირდება ხელისუფლებას, რა შეფასებებიც არ უნდა ჰქონდეთ გაკეთებული ამ ადამიანის მიმართ, მათ შორის, კორუფციასთან დაკავშირებით, მერე აღარ აინტერესებთ; აღმოჩნდება, რომ კორუფციისგან თავისუფალია ადამიანი და ის არის პოლიტპატიმარი და გმირი, რომელიც საზიზღარ ხელისუფლებას დაუპირისპირდა. ასეთი სქემები ჩვენთვის საინტერესო არ არის.“
რაც შეეხება ღარიბაშვილის პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებულ შეკითხვას, კობახიძემ ეჭვქვეშ დააყენა ექსპრემიერის პოლიტიკური მომავალი და კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება კორუფციის თემაზე:
„არ ვიცი, რა პოლიტიკურ გეგმებზეა საუბარი, როდესაც ადამიანს აქვს აღიარებული კორუფციული დანაშაული. ცოტა რთულად წარმომიდგენია ეს ყველაფერი“, - თქვა მან.
17 აგვისტოს, პატიმრობაში მყოფმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა განცხადება, რომლითაც მან „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი შანტაჟში დაადანაშაულა. მისი თქმით, ივანიშვილის დავალებით მას გაუგზავნეს წერილი, რომლითაც სთავაზობდნენ კორუფციის ახალი საქმის აღიარებას. წერილის მიხედვით, აღიარების შემთხვევაში მას საპროცესო შეთანხმებას ჰპირდებოდნენ, სანაცვლოდ კი პოლიტიკიდან სამუდამოდ წასვლას სთხოვდნენ.
„მე ყველაფერი ვცადე და გავაკეთე, რომ ეს ნაბიჯი არ გადამედგა. სამწუხაროდ, სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინ არ აღვუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას! ამ დაუნდობელ სისასტიკეს, ჩაგვრას/უსამართლობას, ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურების ბინძურ გეგმას!“
ნათქვამია ციხიდან გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის და მისი მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის ფეისბუკგვერდებზე გამოქვეყნდა.
ღარიბაშვილის განცხადებით, ვრცელ წერილს ის დღეს გამოაქვეყნებს.
ირაკლი ღარიბაშვილი 2026 წლის 12 იანვრიდან იხდის 5-წლიან სასჯელს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის (ფულის გათეთრება). ბრალდების თანახმად, ის თანამდებობაზე ყოფნისას ფარულად ეწეოდა ბიზნესს და შემოსავლის დასაფარად დეკლარაციებში უთითებდა, თითქოს თანხებს საჩუქრად ოჯახის წევრებისგან იღებდა. ყოფილმა პრემიერმა დანაშაული აღიარა და გააფორმა საპროცესო შეთანხმება, რომლის საფუძველზეც, პატიმრობის გარდა, მას დაეკისრა 1 მილიონი ლარის ჯარიმა, ასევე ჩამოერთვა ორი ავტომობილი და 6.5 მილიონი აშშ დოლარი.
