რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლისა და დამფინანსებლის, ევგენი პრიგოჟინის განცხადებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო დაპირება, რომ უკრაინის ქალაქ ბახმუტში ბრძოლის გასაგრძელებლად აუცილებელ შეიარაღებას მიიღებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 4 პოლონეთში 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ნუგზარ ქავთარაშვილს ეძებენ
- 5 მარნეულის მერის ძმა ბიზნესმენზე ჯგუფური თავდასხმის ბრალდებით დააკავეს
- 6 ირანის ელჩი: თუ რეგიონიდან იქნება ქმედება ჩვენ წინააღმდეგ, გვექნება რეაქცია
„გვეფიცებიან, რომ დაიდება ყველაფერი, რაც საჭიროა, რომ მტერმა არ გაგვწყვიტოს. გვეუნებიან, რომ შეგვიძლია ბახმუტში ისე ვიმოქმედოთ, როგორც საჭიროდ მივიჩნევთ“, - განაცხადა პრიგოჟინმა.
ბიზნესმენის თქმით, „ვაგნერისა“ და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლობის საკითხებს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარსარდალი და უკრაინაში რუსული დაჯგუფების მეთაურის მოადგილე სერგეი სუროვიკინი გადაწყვეტს.
პრიგოჟინმა 5 მაისს, „ვაგნერის“ დახოცილი მებრძოლების ფონზე გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, ვალერი გერასიმოვს აგინებდა. პრიგოჟინი სწორედ მათ აკისრებდა პასუხისმგებლობას „ვაგნერელების“ დაღუპვაზე და აცხადებდა, რომ დანაკარგები საბრძოლო მასალის დეფიციტმა გამოიწვია. „ვაგნერის“ მეთაური 10 მაისიდან ბახმუტიდან გასვლით იმუქრებოდა.
ევგენი პრიგოჟინის განცხადებას 6 მაისს ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი გამოხმაურა, რომელმაც თქვა, რომ მზად იყო, „ვაგნერელების“ მიერ დაკავებული პოზიციები მის რაზმს „ახმატს“ გადაებარებინა. პრიგოჟინმა ეს წინადადება მოიწონა.
„მე უკვე დავუკავშირდი მის წარმომადგენლებს იმისთვის, რომ პოზიციების დაუყოვნებლივ გადაცემა დაიწყოს, რათა 10 მაისს, 00:00 საათზე, ზუსტად იმ დროს, როდესაც ჩვენ ბოლომდე ამოვწურავთ ჩვენს საბრძოლო პოტენციალს, ჩვენს ადგილზე დადგნენ ჩვენი მებრძოლი ამხანაგები და გააგრძელონ ბახმუტზე შტურმი“, - ამბობდა პრიგოჟინი.
ბახმუტისთვის ბრძოლა ცხრა თვეზე მეტია გრძელდება. „ვაგნერის“ ჯგუფის დაქირავებული მებრძოლები იქ რუსეთის ძალების ძირითად ნაწილს შეადგენენ. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, მტერი ბახმუტში ფოსფორის ბომბებს იყენებს.
