საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ანსამბლი „ფესვები“, რომელიც მაღალმთიანი აჭარის ფოლკლორის საღამოში მონაწილეობის მისაღებად შუახევიდან თბილისში მიდიოდა, „გზიდან გააბრუნეს“. ფოლკლორის საღამო ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტის ინიციატივით გაიმართა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 6 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
„ძალიან სამწუხაროა, რომ ანსამბლი „ფესვები“, რომელიც აჭარიდან უნდა ჩამოსულიყო, გზიდან გააბრუნეს, რადგან, თურმე, პრეზიდენტის სასახლეში ნებადართული არ არის მოღვაწეობა. თქვენ თავად იფიქრეთ საიდან მოვიდა ასეთი მითითება და რას ნიშნავს ეს. თუ ეს არ არის კულტურული ბოლშევიზმი, მე არ ვიცი ამას რა ჰქვია.
სამწუხაროა. მინდა, მათ ჩემი სახელით ბოდიში მოვუხადო იმისათვის, რომ ამ ფორმით გზიდან გააბრუნეს და მინდა, ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში დღეს ასეთი რაღაცები შეიძლება ხდებოდეს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
უხუცესთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „ფესვები“ შუახევის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებობს და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. „ფესვების“ ხელმძღვანელმა ბადრი დარჩიძემ დაადასტურა, რომ ანსამბლს პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა კულტურის ცენტრის მოთხოვნით გზიდან გააბრუნეს.
„მე მყავს რამდენიმე ხელმძღვანელი. მითხრეს წადიო, წამოვედი, დაბრუნდიო, დავბრუნდი. კულტურის ცენტრში არ ყოფილა წერილი სათანადოდ შემოსულიო. შესაბამისი მოთხოვნა თუ მოვა, პრობლემა არ არისო. ფაქტობრივად, მე მოვემზადე იმისათვის, რომ წამოვსულიყავი, ხალხი წამომეყვანა და რომ წამოვიყვანე, მერე თქვეს, რომ [წერილი] არ მოსულაო. ვიღაცამ შეცდომაში შეიყვანა კულტურის ცენტრი“, - აღნიშნა ბადრი დარჩიძემ.
შუახევის კულტურის ცენტრში „საქართველოს ამბების“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფოლკლორის საღამოს ფარგლებში, ორბელიანის სასახლეში გამოიფინა აჭარელი ქალების მიერ შექმნილი განსაკუთრებული საგანძური - ხელით ნაქსოვი, ორნამენტებიანი „აჭარული ნაჭრელები“. აჭარიდან ჩამოსული სტუმრების გარდა, ღონისძიებაში მონაწილეობდა ფოლკლორისტი ეთერ თათარაიძე.
