მთავრობის დანაშაულებრივი უმოქმედობით [„მთის ამბები“ ჟურნალისტურ გამოძიებას რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს] შოვში დაღუპული 33 ადამიანიდან 6-ის ცხედარი ჯერ კიდევ არ იყო ნაპოვნი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოჯახის წევრებთან ერთად, დასასვენებლად, სამთავრობო თვითმფრინავით, ამერიკის შეერთებული შტატებისკენ რომ გაემგზავრა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

კომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ მეპატრონემ, თამაზ გაიაშვილმა ტვ „პირველთან“ ინტერვიუში დაადასტურა, რომ სამთავრობო თვითმფრინავით, თბილისის აეროპორტიდან მიუნხენში და უკან, პრემიერისა და მისი თანმხლები პირების ტრანსპორტირების შესახებ დაკვეთა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან მიიღო.

„მათ მომართვა არ სჭირდებათ, თვითმფრინავი მათია, სადაც უნდათ, იქ წავლენ. პრემიერი არ მიკვეთავს თვითმფრინავს. მიკვეთავს სამთავრობო დაცვა. მე ყოველთვის ჩუბინიძის (ანზორ ჩუბინიძე - სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი) უწყება მიკვეთავს. კრიმინალს სად ხედავთ?

პრემიერ-მინისტრია, თქვენ ის ხომ არა გგონიათ, რომელიმე ქარხნის მუშა?

ოფიციალურ ვიზიტებზე არ გამოიყენება მარტო თვითმფრინავი, ყველგან გამოიყენება, სადაც საჭიროდ ჩათვლის მთავრობა“, - თქვა გაიაშვილმა. სამთავრობო თვითმფრინავის ექსპლუატაციას მისი კუთვნილი ავიაკომპანია ახორციელებს.

გადაცემაში „ნოდარ მელაძის შაბათი“ გასული რეპორტაჟის თანახმად, პრემიერ-მინისტრს სამთავრობო თვითმფრინავი მიუნხენის აეროპორტში ერთი კვირა ელოდა, ვიდრე ის ამერიკიდან დაბრუნდებოდა. ტელეკომპანია იუწყება, რომ გერმანიიდან ამერიკაში გადასაფრენად, პრემიერისთვის რეგულარული ავიარეისის პირველი კლასის ბილეთები შეიძინეს. სამთავრობო თვითმფრინავი კი თბილისის აეროპორტში 28 აგვისტოს დაბრუნდა.

თამაზ გაიაშვილმა არ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რამდენი გადაუხადა სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა თბილისი - მიუნხენი - თბილისის ავიარესისის მომსახურებისთვის: „მთავრობა იხდის ფულს, მე არვიცი, მათ შეეკითხეთ. თვითმფრინავის შენახვას, მოვლას, პატრონობას სჭირდება გარკვეული ხარჯი. ფრენას ოპერატიული ხარჯი, რომელსაც იხდის სპეცდაცვა. სააკაშვილი ცხვირის ოპერაციაზე წავიყვანე ბერლინში. არ იყო ის პირადი საქმე? რატომ არ მოხვედით, მაშინ რატომ არ შემეკითხეთ? ახლა რატომ მოდიხართ მარტო? იყო კაცი პრეზიდენტი და ჰქონდა მაგის უფლება. ახლა პრემიერსაც აქვს მაგის უფლება, გაფრინდეს პირად საქმეზეც. პირად საქმეზე წავიდა თუ სამსახურის, მე არ ვიცი“. [ერთ-ერთი საქმე, სადაც საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება სააკაშვილს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას ედავება, სწორედ სახელმწიფო რესურსების გაფლანგვას უკავშირდება.]

რეპორტაჟში ნათქვამია, რომ თბილისი-მიუნხენი-თბილისის ორმხრივი ავიარეისი საშუალოდ 100 ათასი ლარი ჯდება.

რეპორტაჟი ეთერში 9 სექტემბერს გავიდა. მანამდე ჟურნალისტი ცდილობდა, გაერკვია, ვინ გასცა სამთავრობო თვითმფრინავის პირადი მიზნებისთვის გამოყენების ბრძანება და დაფინანსდა თუ არა ბიუჯეტიდან.

დიდი ხანია, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე მთავრობის ადმინისტრაცია კრიტიკულ მედიას საჯარო ინფორმაციას არ აძლევს და კანონით დადგენილ ვალდებულებებს უხეშად არღვევს. ამიტომ, რეპორტაჟის ავტორმა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს რევაზ ჯაველიძეს სახლთან მიაკითხა.

„მეორეჯერ აქ არ მოხვიდეთ. არასწორად, ულამაზოდ იქცევით, ეს არ არის წესიერი ჟურნალისტიკა“, - ჯაველიძემ ჟურნალისტის კითხვებს არ უპასუხა.

6 სექტემბერს, მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა პირად ფეისბუკგვერდზე დაწერა, რომ ღარიბაშვილი აშშ-ში საკუთარ შვილთან ერთად გაემგზავრა, რომელსაც პენსილვანიის უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი ეწყებოდა.

„ახალ სკანდალს ეძებენ, თუმცა ისევე როგორც სხვა შემთხვევებში, აქაც სკანდალური არაფერია. ყველა ადამიანს აქვს სურვილი და უფლებაც, მისი შვილისთვის ასეთ მნიშვნელოვან დროს მის გვერდით იყოს. მით უმეტეს, არც კანონი დარღვეულა და არც სახელმწიფო ხარჯები გაწეულა.

მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში, პრემიერ-მინისტრი კერძო ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა და მისი მგზავრობის, ასევე ჩარტერული (კომერციული) რეისის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა.

პრემიერ-მინისტრი ყოველწლიურად ავსებს ქონებრივ დეკლარაციას, სადაც ასახულია ყველა გაწეული ხარჯი, შესაბამისად, დაელოდეთ შემდეგი დეკლარაციის გამოქვეყნებას“, - აღნიშნა გიორგობიანმა.

საჯარო სამსახურის ბიუროს მონაცემებით, ირაკლი ღარიბაშვილს ჯერ 2022 წლის ქონებრივი დეკლარაციაც არ აქვს ჩაბარებული. შესაბამისად, 2023 წლის დეკლარაციას სულ მცირე 2024 წლის ოქტომბრამდე ვერ ვნახავთ, ამჟამინდელმა პრემიერმა მასში მონაცემები სწორადაც რომ ასახოს.

7 სექტემბერს, მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა კიდევ ერთი განცხადება გამოაქვეყნა:

„საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, მიზანმიმართულად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვილთან ერთად აშშ-ში თითქოსდა ჩარტერული რეისით გაემგზავრა. საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ პრემიერ-მინისტრი როგორც ოფიციალური და სამუშაო, ისე კერძო ვიზიტების დროს აშშ-ში მგზავრობს სამგზავრო თვითმფრინავით, სხვადასხვა ავიაკომპანიის რეგულარული, კომერციული რეისებით. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ  საუბარი იყო ჩარტერულ ფრენაზე, რომელიც განხორციელდა თბილისიდან ევროპის ერთ-ერთი ქალაქის მიმართულებით, ხოლო აშშ-ის მიმართულებით პრემიერ-მინისტრი რეგულარული რეისით გაემგზავრა. კერძო ვიზიტისას პრემიერ-მინისტრის მგზავრობის, ასევე ჩარტერული (კომერციული) რეისის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა“.

რეპორტაჟის ეთერში გასვლამდე განცხადება გააკეთა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემაც:

„ჩვენი თვითმფრინავი იმყოფება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ბალანსზე. ამ სააგენტოს აქვს სრული უფლება, მიიღოს როგორც სამთავრობო და საბიუჯეტო სტრუქტურებიდან, ასევე არასამთავრობო, კომერციული და კერძო პირებისგან სხვადასხვა სახითა და ფორმით შემოსავლები.

ეს ვიზიტი იყო კომერციული ხასიათის, რომელიც თავიდანვე დავალებაში იყო მოცემული და, რა თქმა უნდა, ანაზღაურება მოხდებოდა არასაბიუჯეტო ორგანიზაციიდან ან კერძო პირის მიერ.

საქართველოს კანონმდებლობით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ვალდებულია არამარტო პრემიერის, არამედ ყველა მისი დასაცავის უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოახდინოს როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მის გარეთ. ამის არ შესრულების რაიმე წინაპირობად ვერ განვიხილავთ ვიზიტის ხასიათს. მთავრობის სპეციალური დადგენილებით არის განსაზღვრული დაცვის მინიმალური სტანდარტები. ზუსტად ამ დოკუმენტზე დაყრდნობით ვახორციელებთ ყოველთვის ყველა დასაცავი პირის დაცვით უზრუნველყოფას“, - აღნიშნა ჩუბინიძემ.

რეპორტაჟის ავტორი კითხვას სვამს, საიდან აქვს პრემიერს ამდენი ფული, თუ ეს კორუფციული გარიგებებიდან მიღებული შემოსავალი არ არის.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ირაკლი ღარიბაშვილის ყოველთვიური ხელფასი 3500 ლარია. ბიძინა ივანიშვილის ბანკი „ქართუდან“ გამოტანილი სესხების დასაფარად, პრემიერის ოჯახს 2021 წელს [ბოლოს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მონაცემები] დაახლოებით 70 ათასი ლარი აქვს გადახდილი. ირაკლი ღარიბაშვილსა და ნუნუ თამაზაშვილს 38 ათასი ლარი დაუჯდათ კერძო სკოლებში შვილების სწავლა. ოფიციალური მონაცემებით, სამეწარმეო საქმიანობაში ოჯახის არცერთი წევრი არ მონაწილეობს. დოკუმენტში ღარიბაშვილს ნაჩვენები აქვს დანაზოგი 50 ათასი ლარის ოდენობით. დეკლარაციაში მითითებულ მშობლების მიერ ნაჩუქარ 150 ათას ლარს თუ არ ჩავთვლით, პრემიერი საჯაროდ ნაჩვენები ხარჯების გადახდასაც ვერ შეძლებდა.

2012 წლამდე, ვიდრე „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდოდა, ირაკლი ღარიბაშვილის მამა ტარიელ ღარიბაშვილი სოფელ წითელწყაროს რწმუნებული იყო და ბიზნესი არ ჰქონდა. მისი შვილის ჯერ შინაგან საქმეთა მინისტრად, შემდეგ კი პრემიერად მუშაობის პერიოდში ტარიელ ღარიბაშვილი დიდძალი ქონების პატრონი გახდა.

ტელეკომპანია „პირველის“ ინფორმაციით, აშშ-დან პრემიერის და მისი ოჯახის წევრების დაბრუნების შემდეგ, 6 სექტემბერს, როცა შოვში ჯერ კიდევ ეძებდნენ სტიქიის შედეგად დაღუპული 2 ბავშვის ცხედარს (ერთი ამ დრომდე არ უპოვიათ), თბილისთან ახლოს, შინდისში მდებარე ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ სარესტორნო კომპლექსში „შატო დე ვერე“, პრემიერის მეუღლის დაბადების დღე გრანდიოზულად აღნიშნეს, ქართული ესტრადის ვარსკვლავების თანხლებით. ნუნუ თამაზაშვილის 40 წლის იუბილესადმი მიძღვნილი წვეულების ორგანიზებაში მთავრობის ადმინისტრაციის, პროტოკოლისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები მონაწილეობდნენ - ისინი უზრუნველყოფდნენ სტუმრების დახვედრას, გაცილებას, გადაღებას, ავტომანქანების დაპარკინგებას და ა.შ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).