პოლონეთის ხელისუფლება რუსეთის მოკავშირე ბელარუსს საჰაერო საზღვრის დარღვევაში ადანაშაულებს, რასაც ლუკაშენკოს მთავრობა უარყოფს. ნატოს წევრი პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 1-ელ აგვისტოს, ბელარუსის კუთვნილმა ორმა ვერტმფრენმა მათი საჰაერო საზღვარი გადაკვეთა. მომხდარის გამო, ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვართან სამხედროებისა და საბრძოლო ვერტმფრენების მობილიზების პროცესი დაჩქარდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 ბრიტანეთმა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო „ოცნების“ 4 მაღალჩინოსანი დაასანქცირა
- 4 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 5 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 6 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
ოფიციალურმა ვარშავამ პოლონეთში ბელარუსის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ახსნა-განმარტებისთვის დაიბარა. ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ პოლონეთის ბრალდებებს „მოგონილი“ უწოდა და განაცხადა, რომ Mi-24 და Mi-28 ვერტმფრენების მიერ საზღვრის დარღვევა არ დასტურდება. ბელარუსის თავდაცვის უწყების განცხადებით, პოლონეთის ხელისუფლება ცდილობს, ბელარუსის საზღვართან ძალის და საშუალებების ზრდა გაამართლოს.
ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 23 ივლისს, სანქტ-პეტერბურგში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა, რომ „ვაგნერის“ სამხედრო დაჯგუფების წევრებს, რომლებიც ამჟამად ბელარუსში იმყოფებიან, ერთი სული აქვთ, როდის მოინახულებენ პოლონეთის დედაქალაქს ან ქალაქ ჟეშუვს.
„ვაგნერელები“ უკვე ძალიან გვძაბავენ, მთხოვენ დასავლეთით წასვლის ნება მივცე. მე კი ვეუბნები, რაში გჭირდებათ დასავლეთში წასვლა? ამბობენ, რომ ექსკურსიაზე უნდა წასვლა ვარშავაში ან ჟეშუვში“, - განაცხადა ლუკაშენკომ. სწორედ ქალაქ ჟეშუვში მდებარეობს პოლონეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი აეროდრომი, საიდანაც დასავლეთის ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას აწვდიან.
1-ელ აგვისტოს, მოქალაქეებთან შეხვედრის დროს, ლუკაშენკომ თქვა, რომ პოლონეთში „ვაგნერელების“ ექსკურსიის სურვილის შესახებ მისი განცხადება ხუმრობა იყო.
რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტებმა პოლონეთი საკუთარ გამოსვლებში გასულ კვირას რამდენჯერმე ახსენეს. ვლადიმერ პუტინმა პოლონეთი ბელორუსის მიმართ ტერიტორიულ ამბიციებში დაადანაშაულა და თქვა, რომ მეზობელზე ნებისმიერ თავდასხმას საკუთარ თავზე თავდასხმად განიხილავს. ლუკაშენკომ კი პოლონეთის ხელისუფლებას დამცინავად უთხრა, რომ მადლობას იმსახურებს, რომ „ვაგნერელებს“ ბელარუსის ტერიტორიაზე აკონტროლებს.
