შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე უწყვეტი, პროევროპული აქციების ორი მონაწილე - თორნიკე თოხშუა და მინდია შერვაშიძე ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს. აქტივისტები აცხადებენ, რომ დაკავებულები „ქართული ოცნების“ მხარდამჭერის, ბექა გოცირიძის პროვოკაციის მსხვერპლები გახდნენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 4 საქართველო ევროპაში ბოლო ადგილზეა: პენსია ძირითადი ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს
- 5 მეუფე ისაია უარყოფს, თითქოს კანდიდატურა მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ მოხსნა
- 6 პოლონეთში 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ნუგზარ ქავთარაშვილს ეძებენ
საქმე ეხება რუსთაველის გამზირზე პირველ აგვისტოს მომხდარ ინციდენტს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, 33 წლის მინდია შერვაშიძემ და 37 წლის თორნიკე თოხშუამ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად იძალადეს 37 წლის ბექა გოცირიძეზე.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას ჯგუფურად. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 180-დან 240 საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ყოფილი ფეხბურთელი ბექა გოცირიძე, რომელიც პირადი მიმოწერის დროს და Facebook-ზე, საჯარო განცხადებებით, მათ ემუქრებოდა, რუსთაველზე მივიდა და იქ მყოფებს შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. აქტივისტების თქმით, დაპირისპირების დროს ბექა გოცირიძეს დანა ამოუვარდა და ის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს გადასცეს.
„რა თქმა უნდა, იქ ადგილო ჰქონდა ფიზიკურ შეხლა-შემოხლას, ამას არავინ უარყოფს, მაგრამ წინ რა უძღოდა... ადამიანი რომ დანას ჯიბიდან იღებს, უნდა გაჩერდე და თავი არ უნდა დაიცვა? ამას დაადასტურებს ყველა, ვინც იქ იყო, რომ შემდეგ უკვე პოლიციელებმა ბექა განარიდეს ტერიტორიას. ის არ დაუკავებიათ, მიუხედავად იმისა, რომ იქ მყოფები ეუბნებოდნენ, რომ ცივი იარაღით გადაადგილდებოდა“, - ამბობს აქციების აქტიური მონაწილე, ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი. მან ბექა გოცირიძე „ქართული ოცნების“ „ტიტუშკად“ მოიხსენია.
შსს აცხადებს, რომ დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
