ბათუმის ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მოქალაქეები სოჭიდან გამოსული საკრუიზო გემის Astoria Grande-ს შემოსვლას აპროტესტებენ, პოლიციამ 9 ადამიანი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისინი არაერთი მოწოდების მიუხედავად, სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 2 თავდაცვის ყოფილ მინისტრს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
- 3 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
- 4 მეუფე შიოს პატრიარქად არჩევა საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის – მეუფე ზენონი
- 5 აზერბაიჯანის ხელისუფლება მთიან ყარაბაღში სომხურ ეკლესიებს ანგრევს
- 6 რუსეთის დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან „მოკავშირეობის გაღრმავების“ კანონი დაამტკიცა
აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
შსს აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, არ გასცდნენ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს.
სოჭის პორტიდან 29 ივლისს გასული საკრუიზო გემი Astoria Grande, რომლის მგზავრებს შორის რუსი ტურისტები არიან, დღეს, გამთენიისას თურქეთის ქალაქ ტრაპიზონიდან ბათუმის ნავსადგურში შემოვიდა. ბათუმის პორტში აქციის მონაწილეები გვიან ღამით შეიკრიბნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიციის, ასევე სპეცრაზმის თანამშრომლების მობილიზება მოახდინა, გემამდე მისასვლელები კი რკინის ჯებირებით გადაკეტა.

რუსული საკრუიზო გემი ქართულ პორტში უკვე მეორედ შემოვიდა ბოლო ერთ კვირაში. 27 ივლისს Astoria Grande ბათუმიდან საპროტესტო აქციით გააცილეს, რასაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქაჯობა“ უწოდა. ამჯერად ბორტზე რუსული ესტრადის მომღერლები და მუსიკალური არხის RU.TV-ის წამყვანებიც იმყოფებიან.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, რომ Astoria Grande-ს თურქული საკრუიზო კომპანია ემსახურება, გემთმფლობელი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება. შესაბამისად, მას პორტში შემოსვლის უფლება აქვს.
Astoria Grande-ს საკრუიზო მარშრუტში ბათუმი წელს პირველად ჩართეს. მანამდე პროგრამაში თურქეთის ქალაქების - ტრაპიზონის, ამასრასა და სტამბოლის მონახულება შედიოდა. ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, აგვისტოსა და მომდევნო თვეებში დაგეგმილი ანალოგიური მოგზაურობა ბათუმში გაჩერებას აღარ ითვალისწინებს.
