4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კიდევ 12 პირი დააკავეს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 2 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 3 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 5 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 6 გირაო შეეფარდა საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, რომელიც პოლიციელის ცემაშია ბრალდებული
დარახველიძის თქმით, „ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად“ დაკავებულები არიან - ს.კ., ზ.ჭ., კ.კ., გ.ქ., გ.ყ., ს.ა., გ.კ., ა.ჩ., ლ.ჯ., ს.ტ., ლ.ი., და ბ.ქ.
„გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ დაკავებულმა პირებმა, 4 ოქტომბერს, აქციის ორგანიზატორებთან ერთად, ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის ჯებირები შეანგრიეს და სასახლეში შეჭრა სცადე“, - განაცხადა დარახველიძემ.
მისივე თქმით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის ჯამში დაკავებულია 35 პირი, რომელთა შორის არიან, „როგორც აქციის ორგანიზატორები, ასევე, ის მონაწილეები, რომლებმაც კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს“.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აგრძელებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს, დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით“, - აღნიშნა შს მინისტრის მოადგილემ.
პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით მიმდინარეობს:
- 317-ე მუხლი – კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება
- 222-ე მუხლი – სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება
- 225-ე მუხლი – ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა
- 187-ე მუხლი – ნივთის დაზიანება ან განადგურება
4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ორგანიზებით, საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეთა ნაწილმა ათონელის ქუჩაზე მდებარე პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლა, სადაც დემონსტრანტებმა ღობე გაარღვიეს. სპეცრაზმმა მათ დასაშლელად წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლების დამხობის მცდელობა ჩავარდა. მისივე თქმით, უკლებლივ ყველა, ვინც ძალადობაში მონაწილეობდა, „დამხობის მცდელობის თანაშაულის ამსრულებელია“ და მკაცრად დაისჯება.
