პოლიანსკის თქმით, აგვისტოს ომის 17 წლისთავზე რუსეთსა და საქართველოს კავშირების აღდგენა სურთ

გაეროში რუსეთის რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა, დმიტრი პოლიანსკიმ განაცხადა, რომ უშიშროების საბჭოს წევრები, რომლებმაც გუშინ საქართველოს მხარდამჭერი განცხადება მიიღეს, ძირს უთხრიან რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების მიმდინარე ძალისხმევას. 

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

პოლიანსკიმ აღნიშნული განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 17 წლისთავთან დაკავშირებით დახურული სხდომა გამართეს, მოგვიანებით კი პრესკონფერენციაზე წაიკითხეს ერთობლივი განცხადება, რომლითაც საქართველოში რუსეთის შემოჭრა და ოკუპირებულ რეგიონებში მისი სამხედროების განგრძობადი ყოფნა დაგმეს.

ერთობლივი განცხადება უშიშროების საბჭოს წევრების - გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, სლოვენიის, დანიის და საბერძნეთის, ასევე საბჭოს მომავალი წევრი ქვეყნის - ლატვიის წარმომადგენლებმა მიიღეს. წინა წლებისგან განსხვავებით, ამერიკის შეერთებული შტატები განცხადებას არ შეუერთდა.

„ვფიქრობ, რომ ახლა თქვენ ევროპული დიპლომატიის აბსოლუტურად საცოდავი უსარგებლოობის ძალიან ნათელი ილუსტრაცია იხილეთ“, - ასე გამოეხმაურა მედიასთან ევროპული ქვეყნების განცხადებას რუსი დიპლომატი.

დმიტრი პოლიანსკის თქმით, უშიშროების საბჭოს წევრებმა „უბრალოდ სცადეს, ნაფტალინიდან ამოეღოთ კონფლიქტი, რომელიც დღეს იმდენად აქტუალური არ არის, რომ ის უშიშროების საბჭომ განიხილოს, ერთადერთი მიზნით, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისკენ მიმართულ მიმდინარე ძალისხმევას ძირი გამოეთხაროს“. რუსეთის წარმომადგენელმა გაიმეორა „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ნარატივი საქართველოს ომში ჩათრევის სურვილის შესახებ.

„შეგახსენებთ, რომ დღეს ჩვენი სავაჭრო ბრუნვა საქართველოსთან 2.5 მილიარდ დოლარს შეადგენს. ჩვენ საქართველოს მეორე სავაჭრო პარტნიორი ვართ. ასევე, გასულ წელს საქართველოს 1.5 მილიონი რუსი ტურისტი ეწვია. ეს ადასტურებს ჩვენი ორივე ქვეყნის აბსოლუტურად ნათელ სურვილს, აღადგინონ ორმხრივი კავშირები და მოახდინონ ჩვენი ურთიერთობების ნორმალიზება.

მაგრამ, რა თქმა უნდა, არიან ისეთები, ვისაც ასეთი სცენარი არ აინტერესებს, ისინი, ვისაც სურდა, საქართველო თავიანთი გეოპოლიტიკური ინტერესების მხოლოდ პაიკად ექცია. ისინი ფიქრობენ, რომ უკრაინასთან წარმატებას მიაღწიეს. თუმცა, საქართველოს ხელმძღვანელობას ჰქონდა საკმარისი სიბრძნე, უარი ეთქვა ასეთ საშინელ სცენარზე, რაც ჩვენი ევროპელი კოლეგების მოუსვენრობას იწვევს. ისინი ცდილობენ ყველაფერი გააკეთონ, რათა იმავე ტრაგედიაში ჩააბან და ჩაითრიონ ეს ქვეყანა, რომელშიც უკვე ჩათრიეს უკრაინა.

რა თქმა უნდა, ჩვენ წინააღმდეგობას გავუწევთ ასეთ მცდელობებს.

ჩვენ დაინტერესებულნი ვართ საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობებით. ასევე დაინტერესებულნი ვართ სამხრეთ კავკასიაში ხელსაყრელი უსაფრთხოების კლიმატის შექმნით. ჩვენ დაინტერესებულნი ვართ საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებით და ამ ქვეყნებს შორის თავდაუსხმელობისა და ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულებების ხელმოწერით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ კონფლიქტების ტრაგიკული ისტორიის გათვალისწინებით ამ ძალიან პრობლემურ რეგიონში. არ მგონია, რომ ამ ნაფტალინიანი თემის დეტალებს უნდა ჩავუღრმავდე“, - განაცხადა პოლიანსკიმ.

გაეროს უშიშროების საბჭო 2008 წლის ომის წლისთავზე ყოველთვის მსჯელობს საქართველოს საკითხზე.

18 აგვისტოს სხდომის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში კვლავ მტკიცედ არის მხარდაჭერილი საქართველოს დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

განცხადებაში ღრმა შეშფოთებით აღნიშნულია ის ფაქტი, რომ რუსეთმა არ შეასრულა ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაეყვანა თავისი ძალები საომარი მოქმედებების დაწყებამდე არსებულ ხაზებზე და უზრუნველეყო ადამიანის უფლებების საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების, როგორიცაა ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი, შეუფერხებელი დაშვება.

უშიშროების საბჭოს წევრები გმობენ საქართველოს მოქალაქეების - დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის, თამაზ გინტურის, ვიტალი კარბაიას და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობას. მათი განცხადებით, ამ დანაშაულების ჩამდენი პირები უნდა წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე და პასუხისგებაში მიეცნენ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.