ფინეთის დაზვერვა მიუთითებს, რომ საქართველო პოლიტიკურად რუსეთთან დაახლოვდა

ფინეთის სამხედრო დაზვერვის მიხედვით, აზერბაიჯანისა და სომხეთის ურთიერთობა რუსეთთან შემცირდა, ხოლო საქართველო რუსეთს უფრო დაუახლოვდა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

უსაფრთხოების უახლეს მიმოხილვაში დაზვერვის სამსახური წერს, რომ რუსეთი აგრძელებს ძალისხმევას, აღადგინოს თავისი, როგორც დიდი სახელმწიფოს სტატუსი.

„რუსეთის მთავარი მიზანი - გლობალური გავლენის გაძლიერება - უცვლელი რჩება. მისი რეჟიმი დასავლურ ლიბერალურ დემოკრატიას საფრთხედ მიიჩნევს და ცდილობს დასავლეთის დასუსტებას, უკრაინაში ომის, სხვა კონფლიქტებისა და მტრული ჰიბრიდული გავლენის ინსტრუმენტებად გამოყენებით.

რუსეთის ყურადღება გადატანილია ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით კი უკრაინაში მიმდინარე ომზე, რომელსაც ის სხვა მიზნების ხარჯზე აწარმოებს.

რუსეთი სამხრეთ კავკასიაში მნიშვნელოვან მოთამაშედ რჩება, თუმცა მისი გავლენა შემცირდა. მან დაკარგა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტში გარე შუამავლის პოზიცია და ორივე ქვეყნის ურთიერთობები რუსეთთან შესუსტდა.

მეორე მხრივ, საქართველო რუსეთს პოლიტიკურად დაუახლოვდა.

ბელარუსი მტკიცედ რჩება რუსეთის კონტროლის ქვეშ.

2025 წლის შემოდგომაზე მოლდოვაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში პროევროპული მხარის გამარჯვების მიუხედავად, რუსეთი აგრძელებს ქვეყანაში პოლიტიკური გავლენის გაზრდას, ჰიბრიდული გავლენის მეთოდების და დნესტრისპირეთის სეპარატისტულ რეგიონში გაყინული კონფლიქტის გამოყენებით“, - ვკითხულობთ ყოველწლიურ ანგარიშში.

ფინეთის დაზვერვის შეფასებით, რუსეთი სულ უფრო მეტად არის დამოკიდებული ჩინეთზე. ქვეყნებს შორის სამხედრო, სამხედრო-ტექნოლოგიური და ეკონომიკური თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გაიზარდა უკრაინაში ომის შემდეგ. დაზვერვის ანგარიშში აღნიშნულია, რომ განსაკუთრებით ჩინეთთან, მაგრამ ასევე ირანთან და ჩრდილოეთ კორეასთან თანამშრომლობამ შეამსუბუქა რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიაზე წარმოების ზეწოლა და ომის მიუხედავად წარმოების გაზრდის საშუალება მისცა.

„საბრძოლო მოქმედებების გაგრძელებასთან ერთად, დიდი ალბათობით, რუსეთის ეკონომიკური პრობლემები გაუარესდება. თუმცა, რუსეთის ეკონომიკა კოლაფსის პირას არ არის: რუსეთს კვლავ შეუძლია უკრაინაში ომის დაფინანსება უახლოეს მომავალში“, – აღნიშნულია დაზვერვის ანგარიშში.

იქვე ვკითხულობთ, რომ უკრაინაში ნელი პროგრესის მიუხედავად, რუსეთმა ვერ მიაღწია საჯაროდ გაცხადებულ სამხედრო მიზნებს, განსაკუთრებით კი დონბასის რეგიონის ოკუპაციას.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.