სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II კავკასიის მედიცინის ცენტრის კრიტიკული მედიცინის განყოფილებაშია მოთავსებული. ჰოსპიტალიზაციის მიზეზი კუჭიდან მასიური სისხლდენა გახდა, რის გამოც 93 წლის პატრიარქის მდგომარეობა ამ დროისთვის არასტაბილური და საყურადღებოა. ექიმების გადაწყვეტილებით, ორგანიზმის დასასტაბილურებლად პაციენტი მართვით სუნთქვაზე, ხელოვნური ძილის მდგომარეობაში იმყოფება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე ეთნიკური ქართველებისთვის მოქალაქეობის მიღების გამარტივებას აანონსებს
- 2 მზია ამაღლობელის მესამე სარჩელი სტრასბურგში პოლიციის მხრიდან სასტიკ მოპყრობას ეხება
- 3 6 წელზე ძველი მანქანების იმპორტი აღარ აიკრძალება - განბაჟების ტარიფი 6-ჯერ იზრდება
- 4 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
- 5 კობახიძე სტამბოლის კონვენციიდან შესაძლო გასვლაზე - მზად ვართ, ამ საკითხზე ვიმუშაოთ
- 6 დასანქცირების შემდეგ ტელეკომპანია „იმედი“ აცხადებს, რომ საკუთარ ბანკს შექმნის
როგორც კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო ასპანიძემ განმარტა, პატრიარქის ჰოსპიტალიზაცია ღამის 3 საათზე მოხდა. მისი თქმით, პაციენტს ჩაუტარდა ყველა საჭირო სამკურნალო-დიაგნოსტიკური პროცედურა სისხლდენის შესაჩერებლად.
„ამჟამად პაციენტი იმყოფება კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში. მისი ჰემოდინამიკური მაჩვენებლები არის არასტაბილური და საყურადღებო, თუმცა მულტიპროფილური გუნდის მიერ ხდება პაციენტის მართვა და მაჩვენებლების დასტაბილურება“, - აღნიშნა ასპანიძემ.
მან დააზუსტა, რომ პატრიარქი ინტუბირებულია, რაც სტანდარტული პროცედურაა პაციენტის მოსვენებულ მდგომარეობაში ყოფნისა და ჰემოდინამიკური პარამეტრების მაქსიმალურად დასასტაბილურებლად.
კლინიკაში იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ მთავრობის ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძეც. მისი განცხადებით, ექიმები ყველაფერს აკეთებენ პატრიარქის უსაფრთხოებისა და სასიცოცხლო პარამეტრების ნორმაში მოსაყვანად.
„რა თქმა უნდა, ასაკის და ყველაფრის გათვალისწინებით, ვითარება მარტივი არ არის. ამჟამად პაციენტი იმყოფება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, მიმდინარეობს დაკვირვება და ყველა საჭირო ღონისძიების გატარება“, - განაცხადა სარჯველაძემ.
საპატრიარქომ ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების შესახებ ინფორმაცია დღეს, 17 მარტს, დილით გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ მდგომარეობა პრობლემურია, თუმცა სტაბილური და საპატრიარქო მრევლს ლოცვისკენ მოუწოდებს.
ილია მეორე 93 წლისაა და გასული წლის ბოლოს მისი აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა. 2017 წელს პატრიარქმა თავის მოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) დაასახელა. ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ პატრიარქი ვერ ახერხებს მოვალეობის შესრულებას, ეკლესიას ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე სწორედ დადგენილი მოსაყდრე მართავს.
