„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება მუხლები, რომელთა მიხედვითაც კონსტიტუციური ორგანოების არაღიარება 3 წლამდე პატიმრობით დაისჯება, ხოლო კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოტივით დანაშაულის ჩადენა ბრალის დამამძიბელი გარემოება იქნება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 2 ზახაროვა: რუსეთის წყალობით საქართველო ეკონომიკის ზრდის რეკორდულ ტემპს აჩვენებს
- 3 მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღებასთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული შეიწყალა
- 4 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 5 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
- 6 კალაძე შენობების ფასადების „ვანდალურად მოხატვისთვის“ კანონის გამკაცრებას ითხოვს
ამის შესახებ დღეს, 16 თებერვალს, „ქართული ოცნების“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას, კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
კერძოდ, ცვლილება შევა სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლში და განისაზღვრება, რომ „სასჯელის დანიშვნის დროს, დამამძიმებელი გარემოება არის საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოტივით დანაშაულის ჩადენა“.
„ამ დროს თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისთვის კოდექსის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას“,“, – განაცხადა გორდულაძემ.
გარდა ამისა, სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება 316-ე პრიმა მუხლი – „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“, რაც გულისხმობს შემდეგს:
საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ
- საქართველოს კანონმდებლობის მასობრივად დარღვევისკენ, საქართველოს ხელისუფლების ორგანოებისადმი მასობრივად დაუმორჩილებლობისკენ, საქართველოს ხელისუფლების ორგანოების ალტერნატიული ორგანოების შექმნისკენ სისტემატურად საჯაროდ მოწოდება,
- ამავე პირის მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლად სხვისი ან საკუთარი თავის თვითნებურად საჯაროდ და სისტემატურად წარმოჩენა,
- ან ამავე პირის მიერ ჩადენილი სხვა სისტემური მოქმედება,
თუ ამ ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ქმედება მიმართულია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არალეგიტიმურობის შექმნის შესახებ აღქმის დამკვიდრებისკენ და აზიანებს საქართველოს ინტერესებს ან ქმნის საქართველოს ინტერესების დაზიანების რეალურ საფრთხეს.
ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, „დანაშაული“ დაისჯება ჯარიმით, 400-დან 600 საათამდე საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება ჯარიმა, ან ლიკვიდაცია და ჯარიმა.
„მთავარია სისტემურობა, სისტემატიურობა, საჯაროობა. ერთი პირის მიერ გამოხატული პერფორმანსი, რა თქმა უნდა, არ ჩაითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად. ივლება მკაფიო ზღვარი, ერთი მხრივ, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასა და მეორე მხრივ, დანაშაულებრივ ქმედებას შორის.
[...] ჩვენ გვაქვს მოცემულობა, რომ პირები სანამ კონსტიტუციური წყობილების დამხობისკენ მოწოდებამდე მივლენ, ჯერ ქმნიან აღქმას საზოგადოებაში, რომ თითქოს არ არსებობენ კონსტიტუციური ორგანოები, არ არსებობს კანონმდებლობა, არ არსებობს ქართველი ხალხის მიერ გამოხატული ნება პარლამენტის არჩევის გზით. საბოლოო ჯამში, ამ აღქმის შექმნის მიზანიც არის, რომ უკვე ხელისუფლების დამხობის მოწოდებისთვის შეიქმნას რეალური, ნაყოფიერი და ნოყიერი ნიადაგი და შემდეგ უკვე კონსტიტუციური დამხობის მცდელობა მოხდეს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
„ქართული ოცნების“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რეპრესიული საკანონმდებლო პაკეტი, მათ შორის, „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლულებები მეორე მოსმენით მიიღო.
