„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტის შეკითხვის შემდეგ გამოეხმაურა შეკვეთილი მკვლელობის საქმეზე ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის პასუხისგებაში მიცემას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აზიის განვითარების ბანკმა არ დააკმაყოფილა საჩივარი ხარაგაულის დამეწყრილი სოფლებიდან
- 2 კადიროვმა თქვა, რა უშლის ხელს ითუმ-კალი – შატილის გზის მშენებლობას
- 3 სასამართლომ „ლუკოილ ჯორჯიას“ მითვისებული საწვავის დაბრუნება დაავალა
- 4 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 5 ფედერიკა მოგერინი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს
- 6 აზერბაიჯანი საქართველოს მედიის სფეროში გამოცდილებას უზიარებს
პაპუაშვილმა თბილისის ცენტრში, „კანონიერი ქურდის“, მერაბ ჯანგველაძის ძმის, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობას „უმძიმესი შემთხვევა“ უწოდა.
„რთული საგამოძიებო პროცესი იყო მთლიანად, ვინაიდან ვხედავდით ჩვენ, რომ სხვადასხვა ადამიანი იყო ჩართული, მათ შორის, დადასტურდა, რომ ამ მკვლელობის ორგანიზატორი ქვეყნის გარეთაა. ხდებოდა ხელის დაფარება ერთმანეთის მიმართ. ვხედავდით, რომ ის ამსრულებლებლები, ვინც დააკავეს, არ იძლეოდნენ ჩვენებებს. საბოლოოდ გამოძიებამ სრული სურათი გაშიფრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით ვნახეთ, ვინ იყო ორგანიზატორი, შემსრულებელი, და რა იყო მოტივი“, – განაცხადა პაპუაშვილმა და სამართალდამცავ ორგანოებს „ძალიან მძიმე და რთული საქმის“ გამოძიებისთვის მადლობა გადაუხადა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ ყველა პირი, რომელიც ბრალდებულია ამ მკვლელობაში, დააკავონ.
„ვიცით, რომ რამდენიმე ადამიანი იმალება სხვადასხვა ადგილას. ზოგი ევროპაშია, ზოგი რუსეთში. ფარცხალაძის მიმართ ვიცით ჩვენ, რომ მას საქართველოს მოქალაქეობა დაკარგული აქვს, არის რუსეთის მოქალაქე, რაც, რა თქმა უნდა, ართულებს ექსტრადიციის პროცესს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ყველა დამნაშავემ აგოს პასუხი“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ.
საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება.
დღეს, 29 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ დანაშაულებრივ დაჯგუფებად ჩამოყალიბებულ პირთა წრეს და ამ დაჯგუფების ლიდერებს, ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს და მისი ნდობით აღჭურვილ პირებს, ძმებ დავით და გიორგი მიქაძეებს, ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით გარკვეული სახის უთანხმოება და დაპირისპირება ჰქონდათ ლევან ჯანგველაძესთან და ამ უკანასკნელთან დიდი ხნის დაპირისპირებაში მყოფ სხვა პირთა შეკვეთით ჯანგველაძის მკვლელობა დააორგანიზეს. დარახველიძის თქმით, მკვლელობას ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა – „მისი მითითებითა და დავალებით, ძმები დავით და გიორგი მიქაძეები, თავის მხრივ დაუკავშირდნენ მათ მეგობარს და ნდობით აღჭურვილ გიორგი ჯოხაძეს, რომელსაც მკვლელობის ჩადენის შესახებ გეგმა გაანდეს“.
კანონიერი ქურდის ძმა, 58 წლის ლევან ჯანგველაძე 2025 წლის 14 მარტს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოკლეს. საქმეზე უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი გელა უძილაურს, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო ანგარებით და შეკვეთით მკვლელობაში.
გელა უძილაურის გარდა, დაკავებულები არიან და განაჩენს ელოდებიან გიორგი მიქაძე, მამუკა ბაღდავაძე, გიორგი კაჭკაჭაშვილი და სანდრო წივწივაძე. საქმის სხვა ორი ფიგურანტის, დავით მიქაძის და გიორგი ჯოხაძის მიმართ ძებნაა გამოცხადებული.
