„მე მდევნიან შეთხზული დანაშაულებისთვის, იმისთვის, რაც არ ჩამიდენია, რათა წამართვან ჩემი ისტორიული სამშობლო“, - ამბობს საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ რომანოვ ფარცხალაძე რუსულ მედიასთან ინტერვიუში.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ზახაროვა: რუსეთის წყალობით საქართველო ეკონომიკის ზრდის რეკორდულ ტემპს აჩვენებს
- 2 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 3 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 4 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
- 5 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 6 კალაძე შენობების ფასადების „ვანდალურად მოხატვისთვის“ კანონის გამკაცრებას ითხოვს
ფარცახალაძე, რომელიც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტია, ბრალდებებს უარყობს.
„საერთაშორისო კრიმინალურმა დაჯგუფებებმა ჩემზე ნადირობა გამოაცხადეს. არ მეშინია. ეს ყველაფერი საუკეთესოდ ადასტურებს ჩემს მიერ არჩეული გზის სისწორეს. მზად ვარ, სიცოცხლე გავწირო ჩვენი შვილების ბედნიერი მომავლისთვის.
დადგა დრო უკან მოვიტოვოთ წყენა, რომელიც ჩვენი ხალხის მტრების მიერაა შექმნილი, და წინ წავიდეთ. საქართველოს ხალხმა თვალები უნდა გაახილოს და გაიგოს, ვინ მოქმედებს მათი ინტერესებიდან გამომდინარე და ვინ ხლართავს ინტრიგებს, რითაც ემსახურება უცხოელ პატრონებს, ანგრევს ჩვენს იდენტობას, ცხოვრების წესსა და ერთიანობას. ასე შევძლებთ, შევინარჩუნოთ ჩვენი სუვერენიტეტი, ჩვენი ტრადიციები და ჩვენი რწმენა“, - განაცხადა ფარცხალაძემ „მოსკოვსკი კომსომოლეცთან“ ინტერვიუში.
კითხვაზე, ხედავს თუ არა სუვერენიტეტის, ტრადიციებისა და რწმენის შენარჩუნების გზას, ფარცხალაძემ თქვა, რომ საკუთარი სამშობლოს სამსახურში „გრძელი და სახიფათო გზა“ გაიარა და დღეს „ზუსტად იმ წერტილში“ აღმოჩნდა, საიდანაც, იცის, რომ მოძმე ერების ურთიერთობაში ახალი თავი დაიწყება.
„ჩვენ რთულ დროში ვცხოვრობთ. დროში, როდესაც ძველმა ჭრილობებმა ჯერ ვერ მოასწრეს სათანადოდ მოშუშება, ცხოვრება კი უკვე ახალ გამოწვევებს გვიმზადებს. და როგორც ჩვენივე, ისე ჩვენი უახლოესი მეზობლების შეცდომებიდან დავინახეთ, მხოლოდ ორი შესაძლო ვარიანტი გვაქვს“, - ამბობს ფარცხალაძე და განმარტავს, რომ პირველი ვარიანტია ისტორიის, რწმენის, მეგობრებისა და ძმების ღალატი „თავისუფლების ილუზიის“ სანაცვლოდ, ხოლო მეორე - „კვლავ გაერთიანება და ღვთის გზის ძიება, რომელიც ჩვენს ხალხს კეთილდღეობისკენ წაიყვანს“.
„მართლმადიდებლური სარწმუნოება გვაერთიანებს. ჩვენი ისტორია სავსეა ტრაგიკული მომენტებითა და გმირული საქმეებით. გვახსოვს, როგორ დაიღუპა დიდ სამამულო ომში 400 000-ზე მეტი ქართველი, რომელიც წითელ არმიასთან ერთად, ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისა და სიამაყისთვის, ერთიანი ფაშისტური ევროპის წინააღმდეგ იბრძოდა. ეს გმირული საქმეები აძლიერებს ჩვენს კავშირებს პოსტსაბჭოთა სივრცის ხალხებთან, რომლებმაც ჩვენთან ერთად გაიზიარეს ისტორიის ეს საშინელი გვერდები.
მე მთელ ჩემს ძალისხმევას მივუძღვნი ქართველ და რუს ხალხებს შორის ძმური ურთიერთობების განმტკიცებას, რომელიც დაფუძნებულია პატივისცემაზე, ერთიანობასა და გარე საფრთხეებისადმი ერთობლივ წინააღმდეგობაზე“, - განაცხადა ოთარ ფარცხალაძემ.
ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას 2013 წლის 21 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე იკავებდა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი 2023 წლის 14 სექტემბერს აშშ-მა დაასანქცირა როგორც ქართველი-რუსი ოლიგარქი, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური [„ეფესბე“] მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე. სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, ფარცხალაძემ რუსეთის მოქალაქეობა სწორედ „ეფესბეს“ აგენტის დახმარებით მოიპოვა.
2025 წლის ბოლოს „ქართული ოცნების“ პროკურატურამ ოთარ ფარცხალაძეს ბრალად „კანონიერი ქურდის“ ძმის, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზება წარუდგინა. გარდა ამისა, ფარცხალაძე ბრალდებულია ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე - პროკურატური განცხადებით, 2020-2023 წლებში, საქართველოში მისი მფარველობით ფუნქციონირებდა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის მიზანს მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღება და შემდგომში ფულის გათეთრება წარმოადგენდა.
ყოფილ მთავარ პროკურორს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული. მასზე ძებნაა გამოცხადებული.
