საქართველოს პარლამენტში დღეს, 2 მაისს, დაგეგმილი ღონისძიებები - ბიუროს და პლენარული სხდომები აღარ გაიმართება. ბიუროს სხდომა 11:45 საათზე იყო ჩანიშნული, პლენარული სესია კი 12:00-ზე უნდა დაწყებულიყო. დღევანდელ სესიაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში დეპუტატებს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილისთვის უნდა მოესმინათ და შეკითხვები დაესვათ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზაუტაშვილი და მერის მოადგილე ლევან გელაძე დააკავეს
- 2 საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
- 3 „ოცნების“ შს მინისტრის მოადგილის პოსტზე გიორგი ბუთხუზი გიორგი სახოკიამ ჩაანაცვლა
- 4 „უკრაინა რთული არჩევანის წინაშეა“ - ზელენსკიმ ტრამპის გეგმას ერისადმი მიმართვაში უპასუხა
- 5 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 6 ფედერიკა მოგერინი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს
პრესსამსახურის განცხადებით, საპროტესტო აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს „თავს დაესხნენ“, რის გამოც შენობა და ინფრასტრუქტურა დაზიანდა. „ამ დროისთვის შესაბამის სტრუქტურებთან ერთად მიმდინარეობს გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები“, - ამბობენ პრესსამსახურში.
პარლამენტში 14:00 საათამდე უსაფრთხოების წითელი დონე იმოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ არ დაიშვება არცერთი პირი, გარდა პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ „საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული პირებისა“. 14:00 საათის შემდეგ ამოქმედდება ყვითელი დონე, რა დროსაც ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტში შესვლა. შენობაში დაიშვებიან მხოლოდ პარლამენტის თანამშრომლები. როგორც პარლამენტში განმარტავენ, აღნიშნული ღონისძიების მიზანია საკანონმდებლო ორგანოში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა.
„საქართველოს მარიონეტულმა ხელისუფლებამ პარლამენტს დაადო ბოქლომი, გადამალეს საგარეო საქმეთა მინისტრი და შეშინებულებმა ფაქტობრივად გააუქმეს საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ, რომელიც პარლამენტთან სხვა ოპოზიციონერ დეპუტატებთან ერთად მივიდა.
1-ელ მაისს, პარლამენტმა რუსულ კანონს მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი, რაც მორიგი მრავალათასიანი საპროტესტო აქციის მიზეზი გახდა. სხდომის დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“ წევრებმა შენობა პოლიციის კორდონით დატოვეს.
ჩიტაძის ქუჩაზე, საკანონმდებლო ორგანოს ერთ-ერთ შესასვლელთან, სპეცრაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი გამოიყენა, გაუშვეს მხუთავი გაზიც. მოქალაქეებს რეზინის ტყვიებიც მოხვდათ, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს, რომ აქციის დასაშლელად ეს საშუალებაც გამოიყენა. აქციის მონაწილეები პარლამენტთან დილამდე დარჩნენ. მათ პარლამენტის ეზოში შესასვლელი ჭიშკარი ნაგვის ურნებით და სამშენებლო ხის ღობეებით ჩახერგეს. გარდა ამისა, დემონსტრანტებმა საკანონმდებლო ორგანოს შენობაზე გააკეთეს წარწერები - „კრემლის ფილიალი“, „დუმა“, „არა რუსულ კანონს“ და ა.შ.
პარლამენტი მუშაობას 13 მაისიდან განაახლებს, რადგან, საქართველოს მთავრობამ სააღდგომო დღეებისა და 9 მაისის გარდა, საჯარო სამსახურებისთვის უქმეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისიც. ოპოზიციონერმა დეპუტატები მიიჩნევენ, რომ „ათდღიანი არდადეგები“ რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტის შესასუსტებლად გამოცხადდა.
