„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვენესუელის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და Facebook-ზე გამოქვეყნებული განცხადებით ევროკავშირს აკრიტიკებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აზიის განვითარების ბანკმა არ დააკმაყოფილა საჩივარი ხარაგაულის დამეწყრილი სოფლებიდან
- 2 კადიროვმა თქვა, რა უშლის ხელს ითუმ-კალი – შატილის გზის მშენებლობას
- 3 სასამართლომ „ლუკოილ ჯორჯიას“ მითვისებული საწვავის დაბრუნება დაავალა
- 4 პაპუაშვილი: ამ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული - უკრაინა და ევროკავშირი
- 5 საქსტატის თანახმად, საქართველოში საშუალო ხელფასი 2271 ლარია
- 6 სუს-ის ყოფილი უფროსის ნათესავი ბიჭიკო პაიკიძე ესპანეთში დააკავეს
„ვენესუელაში ჩატარებულმა რამდენიმეწუთიანმა ოპერაციამ ისიც დაადასტურა, რომ ევროკავშირი, როგორც საერთაშორისო წესრიგის გარანტი და მსოფლიო გეოპოლიტიკური მოთამაშე აღარ არსებობს და, როგორც ჩანს, ის ასეთად ვეღარასდროს იქცევა.
მეტიც, აღმოჩნდა, რომ ბრიუსელი, როცა დასჭირდება, მსოფლიო წესრიგის რღვევით სარგებლის მიღებას და მის სათავისოდ გამოყენებასაც არ მოერიდება. ბრიუსელის მხრიდან საქართველოს მიმართ საერთაშორისო სამართლის დარღვევით მოქმედებაც ამის კარგი დასტურია“, – წერს პაპუაშვილი.
მისი თქმით, საქართველოს მსგავსი მცირე სახელმწიფოებისთვის საერთაშორისო სამართალი ყოველთვის იყო მთავარი იარაღი და ფარი, თუმცა, როგორც წერს, მისი ადგილი და გავლენა შეუქცევადად მცირდება.
„საბოლოოდ დადასტურდა, რასაც ვამბობდით - მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული საერთაშორისო წესრიგი აღარ არსებობს. იმაში, რაც დღეს ვენესუელაში გაცხადდა, ჩვენთვის ახალი არაფერია. ჩვენ ეს დიდი ხნის წინ დავინახეთ და სწორად შევაფასეთ.
სწორედ ეს არის ძველი ერების ისტორიული უპირატესობაც. ჩვენ ათასწლეულების განმავლობაში გავუძელით მსგავს „საერთაშორისო წესრიგებს“, გამოვიარეთ არაერთი გეოპოლიტიკური კატაკლიზმი და მოვძებნეთ გადარჩენის საკუთარი გზა. სწორედ ამ ცოდნამ შეგვინარჩუნა სახელმწიფოებრიობა მაშინ, როცა სხვები გაქრნენ. დღესაც ჩვენი ამოცანა უცვლელია - დიდი ძალების მიერ ატეხილ შტორმში არ დავაზიანოთ სახელმწიფო და უვნებლად მივიყვანოთ უსაფრთხო ნავსაყუდელში“, – წერს პაპუაშვილი.
„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე იმასაც აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო და ხელისუფლება, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს, ვერასოდეს იქნება ქართველი ხალხის მეგობარი“.
პაპუაშვილის ვრცელ განცხადებაში ნახსენები არ არის არც ამერიკის შეერთებული შტატები და არც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომლის ბრძანებითაც 3 იანვარს ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში სამხედრო ოპერაცია ჩატარდა და დიქტატორი ნიკოლას მადურო დააკავეს.
„ამ დღეებში კვლავ დავინახეთ იმ ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ჯერ მაიდანს, შემდეგ ნეპალს, ახლა კი ვენესუელას ნატრულობენ. [...] დემოკრატიულად დამარცხებულებს, ძალაუფლების მოპოვების მხოლოდ ერთი სცენარი ეიმედებათ - გარე ჩარევით და ძალადობით ხელისუფლებაში მოსვლა“, – აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
ვენესუელა იმ ხუთ ქვეყანას შორისაა, რომელიც აფხაზეთის და ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს. „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა სამინისტრომ 4 იანვარს გამოთქვა იმედი, რომ „ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ამ უკანონო გადაწყვეტილების გაუქმებას გამოიწვევს“.
