„ენერგეტიკის სექტორში მოქმედ ყველა კომპანიას, რომელიც ჩართულია განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარების პროცესში, კონკრეტული დათქმით ჩამოეწერება სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი ჯარიმები, რომლის ჯამური მოცულობა 1 მილიარდი ლარია“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღეს, 10 დეკემბერს, გამართულ ბრიფინგზე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზაუტაშვილი და მერის მოადგილე ლევან გელაძე დააკავეს
- 2 საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
- 3 „ოცნების“ შს მინისტრის მოადგილის პოსტზე გიორგი ბუთხუზი გიორგი სახოკიამ ჩაანაცვლა
- 4 „უკრაინა რთული არჩევანის წინაშეა“ - ზელენსკიმ ტრამპის გეგმას ერისადმი მიმართვაში უპასუხა
- 5 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 6 ფედერიკა მოგერინი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს
მისი თქმით, ენერგეტიკის სისტემის განვითარებას ერთ-ერთ დაბრკოლებას უქმნის დავალიანებები ჯარიმებისა და საურავების სახით, რომლებიც კომპანიებს გასული წლების განმავლობაში დაუგროვდათ.
„რაც შეეხება დათქმას - იმისთვის, რომ კომპანიებს არ გაუჩნდეთ საქმიანობის უპასუხისმგებლოდ გაგრძელების ცდუნება და არ დააგროვონ ახალი ჯარიმები, არამედ სერიოზულად მოეკიდონ სექტორის გადატვირთვის სახელმწიფო ინიციატივას, მათ განახლებული ვადების დარღვევის შემთხვევაში სრულად დაეკისრებათ ახლად დაგროვილი პირგასამტეხლოს და ჯარიმის გადახდის ვალდებულება, ამასთან, აღუდგებათ ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილებით ნაპატიები ჯარიმებიც“, – განაცხადა კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურის თქმით, კონკრეტული დათქმით დავალიანებების პატიება ერთდროულად ორ მიზანს ემსახურება:
- „კომპანიებს უნდა მოეხსნათ ფინანსური ბარიერი ენერგეტიკული პროექტების განხორციელების პროცესში“
- „კომპანიებს უნდა დარჩეთ მაქსიმალური მოტივაცია დაგეგმილი პროექტების საგრანტო ვადებში განსახორციელებლად“.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, დავალიანებების პატიება ნიშნავს ახალ შეთანხმებებს, ახალ გრაფიკს და ახალ „გონივრულ ურთიერთვალდებულებებს“ სახელმწიფოსა და კომპანიებს შორის.
„ჩვენ მკაცრად მივუდგებით ახალ შეუსრულებელ ვალდებულებებს ან ახალ დავალიანებებს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე. ჩვენი ახალი მიდგომით, ვიწყებთ ისეთი ენერგეტიკული პოლიტიკის დანერგვას, რომელიც მისაღები იქნება ენერგეტიკის სფეროში ჩართული კომპანიებისათვის და რომლიდანაც მაქსიმალურ სარგებელს მიიღებს ქვეყანა.
ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილება ახალ სტიმულს მისცემს ენერგეტიკის სისტემის განვითარებას, რასაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და ეკონომიკური დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება“, – განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძეს კონკრეტული ენერგეტიკული კომპანიები არ დაუსახელებია.
