იურისტი, სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ეუთო/ოდირს პოლიტიკური პატიმრების საქმეებზე მონიტორინგისთვის საჭირო თანხმობას არ აძლევს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სასამართლომ „ლუკოილ ჯორჯიას“ მითვისებული საწვავის დაბრუნება დაავალა
- 2 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 3 პაპუაშვილი: ამ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული - უკრაინა და ევროკავშირი
- 4 სუს-ის ყოფილი უფროსის ნათესავი ბიჭიკო პაიკიძე ესპანეთში დააკავეს
- 5 ევროკომისია: საქართველომ შეიძლება სრულად დაკარგოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი
- 6 სამხრეთ კორეაში საქართველოს ელჩი გაათავისუფლეს – პაპასქუა საგარეო უწყებას ტოვებს
ეუთო/ოდირი საქართველოში მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 2024 წლის დეკემბერში მოიწვია. ბურჯანაძე განმარტავს, რომ მონიტორინგის მისია პროცესებზე სასამართლომ უნდა დაუშვას, დეკემბრის შემდეგ კი თანხმობა არ გაცემულა.
„როგორც არჩევნებზე დასაკვირვებლად იწვევენ ეუთო/ოდირს, ასევე ხდება მათი მოწვევა მართლმსაჯულების პროცესებზე დაკვირვებისთვის. 2013 წელს, მაგალითად, ეუთო/ოდირი აკვირდებოდა საქართველოში ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების სასამართლო პროცესებს. მაშინ ისინი „ქართულმა ოცნებამ“ მოიწვია. ანალოგიური მოწვევა მათ მიმართ გაგზავნილი იქნა სალომე ზურაბიშვილის მიერ 2024 წლის დეკემბერში.
მათი მეთოდოლოგია ისეთია, რომ შესაბამისმა სახელმწიფო ორგანოებმა, რომლებზეც ხდება დაკვირვება, უნდა გასცენ თანხმობა, მაგრამ 8 თვე გავიდა და ასეთი თანხმობა ვერ იქნა მიღებული, რაც შეუძლებელს ხდის ეუთო/ოდირის საქართველოში ჩამოსვლას, მათ მიერ მონიტორინგის განხორციელებას.
როდესაც დასამალი არაფერი გაქვს, ბუნებრივია, მონიტორების შემოშვების პრობლემაც არ უნდა იდგეს. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მედიას აღარ ეძელვა პროცესებზე გადაღების შესაძლებლობა, საერთაშორისო დამკვირვებლების პროცესში მონაწილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, - აცხადებს ბურჯანაძე.
მისივე თქმით, ოდირი მზადყოფნას გამოხატავს, საჭირო თანხმობის შემდეგ, პოლიტიკური პატიმრების პროცესების მონიტორინგი განახორციელოს.
„რამდენიმე დღის წინ ეუთო/ოდირმა დაასრულა ყაზახეთში სასამართლო პროცესების მონიტორინგი. თვით ყაზახეთში, რომელიც არც ევროსაბჭოს წევრი ქვეყანაა და არ არის განთქმული ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, მიწვეული ჰყავდათ ეუთო/ოდირი და მისცეს საშუალება, დაკვირვებოდნენ დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებს. ეს არის განაცხადი ქვეყნის მხრიდან, რომ თუ ყველაფერი რიგზე აქვს, არაფერი აქვს დასამალი, აძლევს ეუთო/ოდირის მსგავს, მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციას დაკვირვების შესაძლებლობას“, - აღნიშნა გიორგი ბურჯანაძემ.
იურისტი განმარტავს, რომ მონიტორინგის დასრულების შემდეგ მზადდება ანგარიში, რომელიც საჯაროა.
