OSCE PA „ოცნებას“ პოლიტპატიმრების გამოშვებისა და ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს

უთოს საპარლამენტო ასამბლეამ (OSCE PA) 3 ივლისს, ქალაქ პორტოში ამართულ ყოველწლიურ სესიაზე „პორტოს დეკლარაცია“ მიიღო, რომელშიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისა და ახალი,  თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

დეკლარაციაში სერიოზული შეშფოთებაა გამოთქმული საქართველოში გაურესებული პოლიტიკური მდგომარეობის გამო, რაც, როგორც დოკუმენტში ჩაიწერა, ხასიათდება დემოკრატიული უკუსვლის ზრდით, პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავებით და ძირეულ თავისუფლებებზე, მათ შორის მშვიდობიანი შეკრების უფლებასა და მედიის დამოუკიდებლობაზე, მზარდი შეზღუდვებით. ასამბლეა გმობს პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებსა და მართლმსაჯულებაში ჩარევას, „რაც ძირს უთხრის დემოკრატიულ მმართველობასა და საქართველოს კონსტიტუციაში ასახულ მის ევროპულ მისწრაფებებს“.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს თავისი ვალდებულებები, რათა უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიის, აქტივისტებისა და მომიტინგეების თავისუფლად და უსაფრთხოდ ფუნქციონირება და ხელი შეუწყოს გამჭვირვალე და ინკლუზიურ პოლიტიკურ პროცესს, რომელიც ასახავს საზოგადოების ფართო მონაწილეობას და ეფუძნება დემოკრატიულ პრინციპებს, მათ შორის ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებით და რუსული სტილის „უცხოური აგენტების“ კანონის გაუქმებით.

ასამბლეა გამოთქვამს შეშფოთებას 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და საქართველოს სახალხო დამცველის მიერ დოკუმენტირებული თვითნებური დაკავებების, მომიტინგეების, ოპოზიციის ლიდერებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ ცნობების ჩათვლით.

ამავე დროს, ასამბლეა მიესალმება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციების საპასუხოდ ეუთოს ვენის მექანიზმის ამოქმედებას. დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ODIHR-ის არჩევნების სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშის თანახმად, არჩევნები შეუსაბამობებით გამოირჩეოდა.

„ასამბლეა აღიარებს ამ მექანიზმის მნიშვნელობას ადამიანის უფლებებთან, დემოკრატიულ პროცესებთან და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული შეშფოთების მოსაგვარებლად და დაჟინებით მოუწოდებს დიალოგისა და თანამშრომლობის გაგრძელებისკენ, რათა უზრუნველყოფილი იყოს ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა, განსაკუთრებით ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივი გათავისუფლებითა და ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებით, რომლებიც ნამდვილად ასახავს ქართველი ხალხის ნებას“, - წერია დეკლარაციაში.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით „ღრმა შეშფოთება“ გამოხატულია „საქართველოში დემოკრატიისა და ეუთოს ღირებულებების მხარდაჭერის შესახებ“ რეზოლუციაშიც, რომელიც „პორტოს დეკლარაციას“ ახლავს თან.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა გმობს ძალის არაპროპორციულ გამოყენებას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, „რომლებიც მტკიცედ იბრძვიან საქართველოს ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის“.

რეზოლუციაში ასამბლეა გამოხატავს იმედგაცრუებას იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველა შესაძლო საშუალებას იყენებს ძალაუფლების კონსოლიდაციისთვის „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის“, „რადიოსა და ტელევიზიის“, გრანტების შესახებ ახალი კანონების მიღებით.

„...საქართველოში არსებული ვითარება კვლავ უარესდება, ხელისუფლება კი სულ უფრო მეტად შორდება ევროპული ინტეგრაციის გზას. [ასამბლეა] ღრმად შეშფოთებულია ევროკავშირის საწინააღმდეგო რიტორიკის ზრდის გამო და მას სრულიად მიუღებლად მიიჩნევს“, - ვკითხულობთ რეზოლუციაში.

გარდა ამისა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის ფედერაციასთან და ჩინეთთან კავშირების განმტკიცების გამო, საქართველოს დეკლარირებული ევროპული მისწრაფებების კონტექსტში.

როგორც დეკლარაცია, ისე რეზოლუცია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამასთან, დეკლარაცია სირიის ახალ ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის, „დამოუკიდებლობის“ აღიარება.

ნიკოლოზ სამზარაძე და მაია ბითაძე

„ქართული ოცნების“ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ სამხარაძემ ასამბლეის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ეუთო „ახლა ეგზისტენციალური კრიზისის წინაშეა“. სამხარაძემ  გააკრიტიკა საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს შესახებ დამატებული შესწორებები.

„თუ დღეს ხდება საარჩევნო სადამკვირვებლო მისიების ანგარიშების შინაარსის დამახინჯება, სიცრუის გავრცელება და პიროტექნიკითა და „მოლოტოვის“ კოქტეილებით „შეიარაღებული“ თავდამსხმელების მშვიდობიან მოქალაქეებად მონათვლა, ხვალ, ამავე ლოგიკით, შეიძლება გვიწოდონ სპილოები და თუ უმრავლესობას ეს ტერმინი მოეწონება, მაშინ მსგავსი აბსურდი შეიძლება რეზოლუციაში მოხვდეს“, - თქვა სამხარაძემ.

ქართული დელეგაციის წევრმა, მაია ბითაძემ კი განაცხადა, რომ საქართველოში ახალი არჩევნების მოთხოვნა, „თავად ეუთოს სანდოობასა და არსს აზიანებს“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.