განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე რუსეთს საქართველოსთვის 253 018 000 ევროს გადახდა დაეკისრა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 253 მილიონ ევროზე მეტი კომპენსაციის გადახდა დააკისრა. იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, გადაწყვეტილებების აღსრულებაზე მუშაობა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ფარგლებში საქართველოს აქტიური ჩართულობით მიმდინარეობს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

2024 წლის 9 აპრილის გადაწყვეტილებით, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ არსებობდა რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევის გარკვეული მოდელი ან სისტემა, მათ შორის ძალის გადაჭარბებული გამოყენება, არასათანადო მოპყრობა, უკანონო დაკავება, ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გადაკვეთით ყოველდღიური გადაადგილების და საცხოვრებელ სახლებზე, მიწასა და ოჯახებზე წვდომის უკანონო შეზღუდვა, ქართულ ენაზე განათლების უფლების უარყოფა.

სტრასბურგის სასამართლომ კომპენსაციის შესახებ გადაწყვეტილება დღეს, 14 ოქტომბერს გამოაცხადა.

როგორც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სასამართლომ გაიზიარა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი კომპლექსური სამართლებრივი პოზიცია და მტკიცებულებები. შედეგად, რუსეთის ფედერაციას ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის შედეგად ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევების მსხვერპლი 29 000-ზე მეტი მოქალაქის სასარგებლოდ 253 018 000 ევროს გადახდის ვალდებულება დააკისრა.

„დღევანდელი გადაწყვეტილება რუსეთის წინააღმდეგ მოგებული ისტორიული საქმეების ლოგიკური გაგრძელებაა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაცია აღარ არის ევროპის საბჭოს წევრი, მას რჩება გადაწყვეტილებების აღსრულების სამართლებრივი ვალდებულება და ყველა გადაცილებულ დღეზე შესაბამისი ჯარიმა ეკისრება“, – აცხადებს იუსტიციის სამინისტრო.

2007 წლის შემდეგ სტრასბურგის სასამართლოში საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სამი სხვა სარჩელი შეიტანა:

  • „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (I)“ - საქმე ეხებოდა 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთიდან ქართველების მასობრივ გაძევებას. 2019 წლის 31 იანვარს, სტრასბურგის სასამართლომ ეთნიკური ქართველების მასობრივი დეპორტაციისა და მათ მიმართ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების გამო რუსეთის ფედერაციას 10 მილიონამდე ევროს გადახდის ვალდებულება დააკისრა.
  • „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)“ - 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე, აგვისტოს ომისა და შემდგომ პერიოდში საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩადენილი მასობრივი დარღვევებისთვის რუსეთს 130 მილიონამდე ევროს გადახდის ვალდებულება დაეკისრა;
  • „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ (III) - საქმე ეხებოდა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ოთხი ქართველი არასრულწლოვანის დაკავებას. საქართველოს მთავრობამ სასამართლოს 2009 წლის 16 ნოემბერს მიმართა. 2 და 12 დეკემბერს მოზარდების გათავისუფლების შემდეგ საქართველომ სასამართლოს აცნობა, რომ განაცხადის შენარჩუნება აღარ სურდა.

დეპორტირებულებისა და აგვისტოს ომის საქმეებზე დაკისრებული კომპენსაცია რუსეთს ამ დრომდე არ გადაუხდია. 

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.